საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისთვის აქტიური ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს. პარალელურად, ახალ საზედამხედველო მიდგომებს აცნობს დაინტერესებულ საზოგადოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონაწილეობა მიიღო StrategEast-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში, რომელიც ევრაზიის რეგიონში ფინტექ ინდუსტრიის განვითარების საკითხებს მიეძღვნა. სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ კვლევითი ორგანიზაციები, ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები და ფინტექ პოლიტიკის გამტარებლები, როგორც ევრაზიის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან. დისკუსია შეეხებოდა COVID-19 პანდემიის ფონზე ფინტექ ინდუსტრიის მზარდ როლს და მისი სწრაფი განვითარების მხარდასაჭერად ევრაზიის ქვეყნებში დაგეგმილ ღონისძიებებს. ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ გორგოძემ. მან დეტალურად ისაუბრა ფინანსური ინოვაციების წახალისების პროცესში ცენტრალური ბანკის საზედამხედველო გახსნილობისა და ციფრული ინფრასტრუქტურის გადამწყვეტ როლზე. ოთარ გორგოძემ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ინოვაციების ოფისისა და საზედამხედველო ლაბორატორიის შექმნის გამოცდილება და ფინანსური ტექნოლოგიების შემდგომი განვითარებისათვის სამომავლო გეგმები. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე რომელსაც ფინტექ ტექნოლოგიების სწრაფი ზრდა იწვევს და ხაზი გაუსვა ინოვაციებსა და რისკებს შორის ბალანსის დაცვის მნიშვნელობას. ოთარ გორგოძის განცხადებით, აღნიშნული ბალანსის შენარჩუნება მხოლოდ საზედამხედველო მიდგომების მუდმივი განვითარებითაა შესაძლებელი.  

წყარო: nbg.ge

დატოვე კომენტარი