საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩართულობით, ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების ბროშურები შეიმუშავა. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა. ბროშურები ათი ძირითადი თემატური საკითხისგან შედგება და მათ ძირითად სამიზნე აუდიტორიას სტუდენტები წარმოადგენენ. შემუშავებული ბროშურების მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საფინანსო სისტემისა და მისი მონაწილეების, ფულისა და ვალუტის, სახელმწიფო ბიუჯეტისა და გადასახადების შესახებ და, ასევე, მოიცავს ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ ისეთ საბაზისო საკითხებს, როგორებიცაა პირადი ბიუჯეტი და დაზოგვა, სესხება, დაზღვევა, ფინანსური უსაფრთხოების თემები და მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ბროშურები მომხმარებლებს დაეხმარება შეიძინონ და განავითარონ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც პირადი და ოჯახის საჭიროებებისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მათ სწორი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებასა და ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში დაეხმარება. "ბოლო პერიოდში ფინანსური განათლება ფინანსური კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილი გახდა. მოსახლეობაში ფინანსური განათლების დონის ამაღლების მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. მათ შორისაა აღნიშნული ბროშურებიც. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი მასალები სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, დარწმუნებული ვართ, მათში საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას ნებისმიერი მომხმარებელი აღმოაჩენს. ჩვენ მიერ შემუშავებული სხვა საგანმანათლებლო მასალის მსგავსად, აღნიშნული ბროშურებიც საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ბროშურების ელექტრონული ვერსიები მზადაა სტამბური წესით ბეჭდვისათვის და, იმედი გვაქვს, დაინტერესებული მხარეები ამ პრაქტიკულ მასალებს აქტიურად გამოიყენებენ", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა. "სტუდენტებში ფინანსური ცნობიერების ამაღლება თანამედროვეობის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჯანსაღი ფინანსური გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას სწორედ ფინანსური განათლება განაპირობებს. მოხარულები ვართ, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად ვიყავით ამ მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილე და  ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად საზოგადოებას შეგვიძლია წარვუდგინოთ ეს პრაქტიკული მასალები, რომლებიც შესაძლებელია სასწავლო პროცესში ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის მიერ დამხმარე მასალად იქნას გამოყენებული," - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ენუქიძემ. ბროშურების ელექტრონული ვერსიები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის  ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

წყარო: nbg.ge

დატოვე კომენტარი