დღეს კობა გვენეტაძე სომხეთის ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა. კობა გვენეტაძემ სომხეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მარტინ გალსტიანი უფლებამოსილების შესრულებას 13 ივნისიდან  შეუდგა. საუბარი შეეხო პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს, COVID-19-ის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ეკონომიკის წახალისების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს.  ყურადღება გამახვილდა რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობასა და საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე. ვიდეოკონფერენციისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით დახმარების მნიშვნელობაზე, რომელიც  ორივე ქვეყნისათვის საშუალოვადიანი ზრდის პოტენციალის შენარჩუნებასა და COVID-19 პანდემიის შემდეგ  ეკონომიკის სწრაფ აღდგენას უზრუნველყოფს. საუბრისას ხაზი გაესვა აქტიური  თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე. შეხვედრისას, კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სომხეთის ეროვნულ ბანკს შორის არსებულ მჭიდრო საქმიან ურთიერთობებს. ორივე მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ცენტრალურ საბანკო სისტემის გაძლიერებას რეგიონში.

წყარო: nbg.ge

დატოვე კომენტარი