აპირებთ თუ არა საკუთარი ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას ?- „ანალიტიკა“-ს ამ მარტივ კითხვას ფოთის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ჰოლმ ლაურსენმა პირდაპირი პასუხი არ გასცა და APM Terminals-ის იანვრის პრეს-რელიზისკენ გადაგვამისამართა. 

APM Terminals-ის ვებ-გვერდზე განთავსებულ 2019 წლის 9 იანვრით დათარიღებულ პრეს-რელიზში წერია, რომ კომპანიამ წყლის 14.5 მეტრამდე დაღრმავება გადაწყვიტა და ეს იმ ფონზე, როდესაც ფოთის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორი ისევ ამავე - ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში „ანალიტიკა“ - დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ანაკლიის პორტთან კონკურენციის კონტექსტში, მთელი ინდუსტრიის სახელით საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი საერთოდ არ სჭირდება. 

ამ კვირაში გაირკვა, რომ ფოთის პორტს შეიძლება კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდეს - პეის ჯორჯია, რომელიც ამ ეტაპზე ფოთის პორტის 8 ტერმინალს უწევს ოპერირებას. ამ კონკურენციაშიც ღრმაწყლოვანი პორტი ფიგურირებს. საქმე ის არის, რომ ე.წ. 201-ის პროექტმა, როგორც მას კლაუს ჰოლმ ლაურსენი უწოდებს, ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ისგან 50 მილიონი ამერიკული დოლარის დაფინანსება მიიღო და ამ ფულს ულტრათანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას მოახმარს. 

„ღრმაწყლოვან პორტს როდესაც ვახსენებ, ყოველთვის რეალურად ღრმაწყლოვანს ვგულისხმობ - იმ სტანდარტებით, რაც გლობალურად არის გავრცელებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს ინდუსტრიაში. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოსფორის სრუტე გემებისთვის თავის შეზღუდვებს აწესებს და ასევე, კავკასიის ბაზარსაც აქვს თავისი შეზღუდვები. მე არასდროს გამომირიცხავს, არსებულზე უფრო ღრმაწყლოვანი პორტის არსებობის შესაძლებლობა/საჭიროება... რაც შეეხება 201-ის პროექტს, უნდა აღინიშნოს, რომ მასაც მოუწევს იმ შეზღუდვების გათვალისწინება რაც აქვს ფოთის პორტს, რადგან პორტში მხოლოდ 1 შემოსასვლელი არხია, რომლის სიღრმე 10,5 მეტრია, რაც სავსებით შეესაბამება არსებულ რეგულაციებს, შესაბამისად არხის კიდევ უფრო დაღრმავება არ იგეგმება“ - განაცხადა კლაუს ჰოლმ ლაურსენმა „ანალიტიკა“-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. 

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის 11 თვეში, საქართველოს პორტებმა 412 ათასი კონტეინერი (სტანდარტული TEU) მიიღეს, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14პროცენტი-ით მეტია. ამასთან, ბაზარზე დღეს ასეთი სურათია: ზრდა უფრო მაღალია ფოთის პორტში, ვიდრე ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში. 

ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი