ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალისა“ და შპს „მედლოგ ჯორჯიას“ ერთობლივი ძალისხმევით 2 ჰექტარ ტერიტორიაზე  სასაწყობე ინფრასტრუქტურა და 3000 კვ.მ. დახურული თანამედროვე საბაჟო საწყობივმოეწყო. 

სტუმრებმა ახალი ტერმინალი დაათვალიერეს , სადაც წარმატებით განხორციელდა ნავსადგურის აკვატორიასა და ფორვარტერში ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები, რის შედეგადაც ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომებზე უკვე შესაძლებელია FEEDERMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება 11მ წყალშიგით. ეს გარემოება მნიშვნელოვნად ზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მომსახურების კონკურენტუნარიანობას, რაც გავლენას ახდენს არამარტო საკონტეინერო ტერმინალის, არამედ მთლიანად ნავსადგურის სატრანსპორტო მნიშვნელობაზე. 

გიორგი ქობულიას განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი შესანიშნავი პროექტი, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის რეალიზებაში. მისივე შეფასებით, ეს არის პროექტი, რომელიც დაეხმარება ჩვენს ექსპორტიორ კომპანიებს, უფრო მეტი წვდომა ჰქონდეთ საერთაშორისო ბაზრებზე.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი