საქართველო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდით უკვე 20 წელია მსოფლიოში მე-8 ადგილზეა. საქართველოში ეს მაჩვენებელი 1998 წლიდან 3,41-ჯერ გაიზარდა. ამ შედეგის მიღმა კი საქართველო მაინც დაბალშემოსავლიანი ქვეყნების რიგშია. 

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს ეკონომისტის, ბესო ნამჩავაძის თქმით, აღნიშნულ ორ ფაქტს შორის სხვაობა განპირობებულია დემოგრაფიული ცვლილებებითა და ასევე იმით, რომ ქვეყნის ეკონომიკამ ჯერ კიდევ 20 წლის წინ აღდგენა ნულიდან დაიწყო. ნამჩავაძე იმასაც ამბობს, რომ იმ ტემპით, რაც საქართველოს ამ დროისთვის აქვს, კიდევ დიდი ხანი ვერ მოახერხებს გამდიდრებას. 


“სამართლებრივი სისტემა და განათლება- ამ მიმართულებით ორივე ფეხზე აქილევსის ქუსლი გვაქვს. ეს არ გვაძლევს საშუალებას სწრაფად განვითარდეთ. ქვეყანა ვერ აწარმოებს ისეთს ვერაფერს, რომ იყო კონკურეტული და სხვა ქვეყანას აჯობო. ეს კი უკვე არის განათლების და ტექნოლოგიების პრობლემა. როცა საქართველოში ძალიან კარგი ბიზნეს გარემოა, შრომა იაფია, კაპიტალის მოძრაობა არ არის შეზღუდული და შეგიძლია საქართველოში ააშენო ქარხანა, დაასაქმო ქართველი, კიდევ უფრო იაფად ვიდრე უცხოელი. აქ უკვე სხვა პრობლემაა სამართლებრივი და პოლიტიკური. ბევრს ეშინია აქ შემოსვლა, იმიტომ რომ არ არის სამართლებრივი, პოლიტიკური გარანტია“-ამბობს საერთაშორისო გამჭრვალობა საქართველოს ეკონომისტი, ბესო ნამჩავაძე. 

"PMCG"-ის კვლევითი მიმართულების დირექტორის გიორგი ხიშტოვანის თქმით, კი ინდივიდუალური შემოსავლის ზრდა ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მისი შეფასებით, ფაქტორები, რომლებიც ამ შემთხვევაში მთავარ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და აღნიშნულ რეიტინგებში და სარეინტინგო ქულებში განსხვავებას გვაძლევს, შრომის ბაზარი და დასაქმებულთა შემოსავლებია. 

“თუ გამდიდრებას დავაკაშვირებთ ინდივიდუალური შემოსავლების განაწილებას, აქ შედარებით უფრო მძიმე სიტუაციაა. დაქირავებით დასაქმებულების შემოსავლები ჯერ კიდევ ძალიან დაბალია და ზრდის ტემპი გვაქვს არც ისე მაღალი. 

2017 წელს 2016 წელთან შედარებით რეალური შემოსავლების ზრდა იყო 0,2პროცენტი, რაც ძალიან მცირეა. ასევე კიდევ ერთი ფაქტორია ის, თუ როგორ ვითარდება შრომის ბაზარი. სამუშაო ადგილები როგორც წესი ნაკლებად პროდუქტიულ და ნაკლებად შემოსავლიან სექტორებში იქმნება. მაგალითად ვაჭრობა არის მთავარი დამსაქმებელი და ვაჭრობაში საშუალო ხელფასი არის ბოლოდან მესამე სექტორების მიხედვით შემოსავლიანობის სტატისტიკაში.

რატომ არ გავმდიდრდით? ქვეყანა, როგორც ასეთი მდიდრდება, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლები მაინც არის ძალიან მცირე და ეს მოსახლეობას უქმნის ობიექტურ აღქმას რომ ჯერ-ჯერობით გამდიდრებისგან მაინც შორს ვართ”-განმარტავს "PMCG"-ის კვლევითი მიმართულების დირექტორი გიორგი ხიშტოვანი.
ავტორი: ანა ჯოხაძე

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი