როუმინგული მომსახურების ქართულმა კომპანია “გლობალ სელმა” ახალი არაკომერციული ეროვნული პლატფორმა შექმნა ქართველი მოგზაურებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისათვის. პლატფორმის - GEO TAXI- საშუალებით ქართველი მოგზაურები ისარგებლებენ იაფი სატრანსპორტო სერვისით ემიგრაციაში მცხოვრები საკუთარი თანამოქალაქეებისაგან, რომლებიც სატრანსპორტო მომსახურების კუთხით არიან თვითდასაქმებულნი. 

პორტალის მეშვეობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ სისტემაში და მანქანით გადაადგილება შესთავაზონ იმ ქალაქში საქართველოდან ჩასულ სხვა ქართველებს. 

მაგალითად: პირი ცხოვრობს ბერლინში, ჰყავს ავტომობილი და ჩართულია სისტემაში უფასოდ. ბერლინში კი საქართველოდან ჩადის მეორე პირი. Geo Taxi-ის სისტემაში ჩართულ პირს წინასწარ დაუკავშირდებიან, ის კი ბერლინში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს დახვდება აეროპორტში, წაიყვანს სასტუმროში, დაათვალიერებინებს ქალაქს, გიდობას გაუწევს და შესაბამის ანაზღაურებასაც მიიღებს თავისი თანამემამულეებისგან. 

“აღნიშნული ეროვნული პროგრამის შედეგად, ქართველი მოგზაურების მიერ სატრანსპორტო სერვისის ღირებულების გადახდა მოხდება არა უცხოური კომპანიისა თუ ფიზიკური პირისათვის, არამედ ჩვენივე ემიგრანტი თანამოქალაქეებისათვის. პლატფორმის გამოყენებით, მოგზაურებს შესაძლებლობა აქვთ კონკრეტული ქვეყნისა და ქალაქის მიხედვით მიიღონ ინფორმაცია იმ ქართველი ემიგრანტების შესახებ (მათი სატრანსპორტო საშუალებისა (ფოტოებით) და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით), რომლებიც ქართველ მოგზაურებს სთავაზობენ სატრანსპორტო მომსახურებას კონკრეტულ ქვეყნებსა და ქალაქებში”,- აცხადებენ კომპანიაში. 



ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი