მას შემდეგ, რაც გუშინ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე წინამძღვრის, მცხეთის მერიის წარმომადგენლებსა და გარემოვაჭრეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, დღეს გარემოვაჭრეები კვლავ თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ.

ჯვრის მონასტრის წინამძღვარი მათ გზიდან მოშორებით 200-300 მეტრის რადიუსში სთავაზობდა დროებით დახლების განთავსებას, რაზეც მოვაჭრეებმა კატეგორიული უარი განაცხადეს.

დღეს ისინი ძველ ადგილს დაუბრუნდნენ და უარს ამბობენ ტაძრიდან საკმაოდ მოშორებით განახორციელონ საქმიანობა.

მას შემდეგ, რაც დღეს მათ თვითნებურად გააგრძელეს გარევაჭრობა, მცხეთის მერიამ გაფრთხილება დაუგზავნა და ტერიტორიის დასატოვებლად სამი დღის ვადა მისცა. ამის შესახებ bm.ge-ს მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა.

რევაზ მამულაშვილის თქმით, მოვაჭრეები მისი ინფორმაციით ადგილის დატოვებას არ აპირებენ, შესაბამისად თუ სამი დღის ვადაში ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ გაგრძელდება გარევაჭრობა, მერიას იძულების გზით, პოლიციის დახმარებით მოუწევს გარევაჭრობის დაშლა.

„მერიას შეუძლია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე ცივილური ფორმის დახლები განათავსოს, რაზეც მონასტრის მოძღვარი წინააღმდეგია. ის მოვაჭრეებს გზიდან 200-300 მეტრის დაშორებით სთავაზობთ დროებით განთავსდნენ.  ეს ის ტერიტორიაა, სადაც საქონელი დადის და ტურისტი არ ჩავა“-აცახდებს რევაზ მამულაშვილი.

მისი თქმით, თუ წინამძღვარი დათმობაზე არ წავა და ტერიტორიას არც გარემოვაჭრეები დატოვებენ, რთული სათქმელია რაში გადაიზრდება საკმაოდ დაძაბული პროცესები.

ამ დროისთვის მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე გარემოვაჭრე საქმიანობს.


ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი