„ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი კი არა, ალბათ ჩვენი ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია. საქართველო ტურისტული ქვეყანაა და დღესდღეობით, საქართველოს ეკონომიკას რომ შევხედოთ, ტურიზმი ყველაზე დიდ საექსპორტო სექტორს წარმოადგენს, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება და მნიშვნელოვანი გახდება ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმის, Welcome Challenge-ის გახსნაზე, რომელიც თბილისში იმართება.

როგორც მინისტრმა ღონისძიებაზე გამოსვლაში აღნიშნა, ამ მასშტაბის ფორუმების საქართველოში გამართვა ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიოა. მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge საქართველოში პირველად, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

ღონისძიების მიზანია ინოვაციებით გამორჩეული სტარტაპებისთვის შეიქმნას საერთაშორისო ფორუმი, სადაც მასშტაბური პროექტები გამოვლინდება.

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი