სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ცხრა თვის გეგმიდან 718 მილიონი ლარი აუთვისებელი დარჩა. იანვარ-სექტემბერში 8,99 მილიარდი ლარის დახარჯვა იყო დაგეგმილი, თუმცა უწყებებმა მხოლოდ 8,272 მილიარდი ლარი აითვისეს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სახელმწიფო უწყებებს შორის ყველაზე მეტი აუთვისებელი თანხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს. უწყების მიერ ცხრა თვეში მილიარდზე მეტის დახარჯვა იგეგმებოდა. ათვისებამ კი 806 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე 204 მილიონით ნაკლებია.

178 მილიონი ლარის ნაცვლად, 120 მილიონი დაიხარჯა ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან.

თავდაცვის სამინისტროს იანვარ-სექტემბრის გეგმა 628 მილიონი ლარი იყო, უწყებამ კი 580 მილიონი ლარი აითვისა.

გეგმურ ხარჯებთან 77 მილიონი ლარით ჩამორჩენა დაფიქსირდა ჯანდაცვის სამინისტროში. 2,662 მილიარდი ლარის ნაცვლად, დაიხარჯა 2,585 მილიარდი ლარი.

ის, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის ათვისების პრობლემა აქვს, ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ უწყების მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმაც თქვა.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი