2013 წლის პირველ სექტემბერს საქართველოში პენსია 150 ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 25-ლარიან ზრდას წარმოადგენდა. მას შემდეგ უკვე 5 წელი გავიდა, და პენსიის მოცულობაც ორჯერ გაიზარდა. თავდაპირველად 2015 წელს 10 ლარით, ხოლო 2016 წლის აგვისტოში კი 20 ლარით. შედეგად პენსიის ნომინალური ღირებულება 180 ლარი გახდა, თუმცა მისი რეალური მსყიდველუნარიანობა ახლა პრაქტიკულად იმდენივეა, რამდენიც 2013 წელს იყო. 2013 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასების ინდექსი 19პროცენტი-ით არის გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ 2013-ში ყოველი ლარით იყიდდით იმ პროდუქტებს, რაც დღეს 1 ლარი და 19 თეთრი ღირს. შესაბამისად, 2013 წელს არსებული 150-ლარიანი პენსიის რეალური მსყიდველუნარიანობა დღევანდელ ლარებში 179 ლარს შეადგენს. 

როდესაც წარსულში არსებული თანხის გარკვეულ ოდენობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ის დღევანდელი მსყიდველუნარიანობის პერსპექტივით შევაფასოთ. მაგალითად, 2004 წელს საქართველოში საშუალო ხელფასი 156 ლარი იყო. თუმცა ამ 156 ლარის მსყიდველუნარიანობა დღვევანდელი 156 ლარის ტოლფასი არაა, მათ შესაფასებლად საჭიროა 2004-2018 წლებში არსებული ინფლაციის გათვალისწინება. 2004 წლის შემდგომ საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსი ზუსტად ორჯერ გაიზარდა, შესაბამისად დღეს 2004 წლის 156-ლარიანი ხელფასის მსყიდველუნარიანობა 312 ლარს შეადგენს. ანალოგიურად, 2004 წელს არსებული 14 ლარიანი პენსიის რეალური მსყიდველუნარიანობა დღეს 28 ლარია. 

დღეს საქართველოში 741,000 ასაკით პენსიონერი ცხოვრობს, ისინი 2018 წლის პირველი იანვრიდან 20 ლარით გაზრდილ საბაზო პენსიას მიიღებენ. 

საინტერესოა, რომ პენსიონერთა შორის 526,000 ქალი, 215,000 კაცია. სქესთა შორის ასეთი მკვეთრი სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკში გადიან, ხოლო მამაკაცები კი 65 წლის ასაკში. მეტიც, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის მდგომარეობით, საქართველოში ქალთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 77.8 წელია, კაცების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა კი 69 წელი. შესაბამისად საშუალოდ ქალები პენსიას მთელი 17.8 წლის განმავლობაში იღებენ, როდესაც კაცები პენსიას მხოლოდ 4 წლის განმავლობაში იღებენ.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი