საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკუთარი შეფასება პარლამენტს გადაუგზავნა. 

საქართველოს ეროვნული ბანკი ბიუჯეტის შესახებ დასკვნის მომზადებისას ეყრდნობა ბიუჯეტის ანალიზურ წარმოდგენას, რამდენადაც ის უკეთესად ასახავს ბიუჯეტის გავლენას ერთობლივ მოთხოვნაზე და, შედეგად, ინფლაციურ პროცესებზე. 

„საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 10,282 მილიონი ლარით განისაზღვრება, საიდანაც 9,565 მილიონი ლარი საგადასახადო შემოსავლებზე, ხოლო 717 მილიონი ლარი არასაგადასახადო შემოსავლებზე მოდის. სულ სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2018 წლის გეგმასთან შედარებით 0.8 პროცენტით იზრდება. 

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 11,626 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც მიმდინარე ხარჯებზე 9,279 მილიონი, ხოლო კაპიტალურ ხარჯებზე და წმინდა დაკრედიტებაზე 2,347 მილიონი ლარია განსაზღვრული. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 2018 წლის ბიუჯეტის გეგმასთან შედარებით 66 მილიონი ლარით იზრდება. ზრდა შეეხო კაპიტალურ ხარჯებსა და წმინდა დაკრედიტებას (508 მლნ ლარი), ხოლო მიმდინარე ხარჯები მცირდება (442 მლნ ლარი). 

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, წინა წლის გეგმასთან შედარებით, 99 მილიონი ლარით იზრდება და 1,344 მილიონ ლარს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2019 წელს მშპ–ს საპროგნოზო ოდენობის 2.6პროცენტი-ზე არის დაგეგმილი. მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სასურველია 
საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტის შენარჩუნება 3პროცენტი-ზე დაბლა. 

წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, ბიუჯეტის დეფიციტი მომდევნო წლებშიც დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რის გამოც, 2019 წლის ბიუჯეტის დეფიციტმა ინფლაციაზე ზეწოლის რისკები არ უნდა შექმნას. 

ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მთავარი წყარო კვლავ ვალდებულებების ზრდაა. პროექტით გათვალისწინებულია სახაზინო ვალდებულებების გამოშვების გზით 500 მლნ ლარის მობილიზება, რაც წინა წლის გეგმასთან შედარებით 100 მლნ ლარით მეტია. ეროვნული ბანკი მიესალმება მთავრობის მიერ სახაზინო ვალდებულებების გამოშვების ზრდას, რამდენადაც სახაზინო ვალდებულებებით დეფიციტის დაფინანსება ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ქვეყნისთვის სავალუტო რისკის შემცირებას, ხოლო, მეორე მხრივ, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას“, - განმარტავენ სებ-ში. 

საქართველოს ეროვნულ ბანკს წარმოდგენილი დოკუმენტის მიმართ სხვა შენიშვნები არ აქვს. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი