ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის კურსის დაცემის ფუნდამენტური საფუძვლები არ არსებობს. სწორედ ამიტომ, კაკაურიძე ოპონენტების ბრალდებას იმის შესახებ, რომ ლარის კურსის ცვლილება მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია, არ იზიარებს. ამის შესახებ მან პარლამენტში 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ჟურნალისტებთან თქვა. 

"ეკონომიკური პოლიტიკის გამო ნამდვილად არ ხდება ლარის გაუფასურება. ყველა ფუნდამენტური ფაქტორი, რაც სავალუტო გაცვლით კურსზე მოქმედებს, არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რაიმე განსხვავებული მოლოდინი უნდა გვქონდეს - ანუ, რომ გაუფასურების რისკები არსებობდეს, ამისი თქმა ნამდვილად რთულია. ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის იმ პირობებში, რა პირობებშიც იყო დაახლოებით 2 თვის წინ, ამიტომ არაფერი არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ლარი აუცილებლად მნიშვნელოვნად გაუფასურდება",- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ლარის გაუფასურების მიზეზად სპეციალისტებმა ეროვნულ ვალუტაზე სეზონური ფაქტორი დაასახელეს. 

ეროვნული ბანკის ახალი კურსით, 17 ოქტომბერს 1 დოლარის ღირებულება 2.6855 ლარი იქნება, თუმცა სავალუტო ჯიხურებში და კომერციულ ბანკებში კურსი კიდევ უფრო მაღალია.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი