საწვავის ხარისხის კონტროლის მიზნით, ნოემბერში საქართველოში არსებული 80 ბენზინგასამართი სადგური შემოწმდება. შემოწმება წინასწარი გაფრთხილების გარეშე განხორციელდება და მის ფარგლებში დაახლოებით 240-მდე სინჯს აიღებენ. ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძემ თქვა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

თუ დადგინდება, რომ კომპანია ნორმებთან შეუსაბამო საწვავის რეალიზაციას ახდენს, 8 000 ლარით დაჯარიმდება.

"გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს უკვე გამოცხადებული აქვს ტენდერი და საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მეშვეობით უზრუნველვყოფთ ამ კვლევების ჩატარებას. შემოწმებები განხორციელდება მოულოდნელად. კომპანიებთან შესამოწმებლად მივალთ ისე, რომ მათ ამის შესახებ არ ეცოდინებათ.

როდესაც ქვეყანაში ისეთი ბენზინის ან დიზელის საწვავის იმპორტი ხდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს, სანქცია გახლავთ 10 000 ლარი, ხოლო რეალიზაციისას თუ ხდება ისეთი საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს ნორმებს, სანქცია გახლავთ 8 000 ლარი", - განაცხადა ნელი კორკოტაძემ.

კორკოტაძის თქმით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, დიზელში გოგირდის შემცველობის ნორმა არაუმეტეს 50 მილიგრამისა იქნება, თუმცა ამ ნორმების კიდევ უფრო გამკაცრება იგეგმება. მთავრობამ შესაბამისი დადგენილების კანონპროექტი უკვე მოამზადა. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი