ეკონომიკური კრიზისის დროს მკვეთრად უარესდება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. კრიზის პერიოდში ეცემა წარმოება, კოტრდებიან საწარმოები, იზრდება უმუშევრობა, რის გამოც ვარდნას განიცდის ადამიანთა ცხოვრების დონეც.

აშშ-ში დაწყებული ფინანსური პრობლემები, 2007-2008 წლებში უკვე მთელს მსოფლიოში გავრცელდა, რამაც საბოლოოდ გლობალური ფინანსური კრიზისი გამოიწვია, მათ შორის კრიზისი საქართველოშიც იყო. მდგომარეობას კი საქართველოში, დამატებით, საქართველო-რუსეთს შორის მომხდარი აგვისტოს ომი ართულებდა. რამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი ეკონომიკური კრიზისი. ამის შესახებ Agoram-მ სტატია მოამზადა, რომელშიც კრიზისის სამ წინაპირობაზე წერს.

ახალი ეკონომიკური კრიზისის წინაპირობებად გამოცემა ასახელებს: კერძო ვალს, განვითარებადი ბაზრების კრიზისს და ევროპის ეკონომიკაში არსებულ საფრთხეებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, ჩინეთში კორპორაციების ვალი არაპროპორციულად სწრაფი ტემპით იზრდება. გამოცემის ცნობით, სწორედ ეს კრედიტები ეხმარება ჩინეთს მაღალ ეკონომიკურ ზრდაში, თუმცა, მსოფლიო ისტორიაში ეკონომიკის განვითარების მსგავსი რიტმი სულ 43 შემთხვევაში დაფიქსირდა და აქედან 38 რეცესიითა და ეკონომიკური კრიზისით დასრულდა. 

რაც შეეხება განვითარებადი ბაზრების კრიზისს, გამოცემის ცნობით, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების აქტიური ზრდა განვითარებადი ბაზრებიდან კაპიტალის გადინებას იწვევს, ამას კი განვითარებადი ბაზრების ფინანსური კრიზისის გამოწვევა შეუძლია. ამასთან, განვითარებადი ბაზრების მქონე სახელმწიფოებისთვის საფრთხისშემცველია ისიც, რომ სახელმწიფო ვალის დიდი ნაწილი დოლარში აქვთ და სავალე ვალდებულებების სიმძიმე პირდაპირ არის მიბმული ამ განაკვეთებზე. 

ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის მიმდინარე Brexit-მა, თუ მხარეები რაიმე შეთანხმებამდე ვერ მივლენ, ევროპაში შესაძლოა ახალი ეკონომიკური კრიზისი წარმოშვას. გამოცემის ცნობით, ასევე საფრთხიშემცველია იტალიის ხელისუფლების ანტიკამპანია, რომელიც ევროს წინააღმდეგ არის მიმართული. 

ექსპერტთა აზრით, თუ ევროპაში, ჩინეთში ან განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, ის მთელ მსოფლიოს გადაედება. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი