გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს საპარლამენტო მდივან ნორბერტ ბარტლისთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა და ერთობლივ პროექტებზე ესაუბრა, რომლებიც საქართველოში გერმანიის მხარდაჭერით ხორციელდება.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, განსაკუთრებული ხაზი გაესვა საქართველოში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის 2018 წლის აგვისტოში განხორციელებულ ვიზიტსა და მის შედეგებს, რომლის დროსაც განისაზღვრა არაერთი ორმხრივი სტრატეგიული მიმართულება.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღნიშნული ვიზიტის დროს საქართველოსა და გერმანიის პირველი პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ითვალისწინებს ყოველწლიურად ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შეხვედრას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროებს შორის მუდმივი დიალოგის ჩარჩო-ფორმატის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა.

აღინიშნა, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დელეგაცია ბიზნესმენთა წარმომადგენლობით ჯგუფთან ერთად ეწვევა.

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი