ეროვნულმა ბანკმა ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების მეთოდი და მისი გამოყენების წესი დაამტკიცა. ბანკის მიერ გამოცემულ დადგენილებაში წერია, რომ ყველა მეწარმე სუბიექტი ვალდებულია ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას იხელმძღვანელოს თანხის დამრგვალების მეთოდით, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება განახორციელოს უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით. ინფორმაციას bpn-ი ავრცელებს.

„ნაღდი ფორმით ანგარიშსწორებისას თანხის დამრგვალება ხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით: 1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე; 3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე; 6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 
5-მდე; 8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 10-მდე,“-აღნიშნულია დადგენილებაში. 

აღნიშნული დადგენილება 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

ეროვნულმა ბანკმა 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადაც დაადგინა. კერძოდ, დადგენილების მიხედვით, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევის ვადა 2020 წლის ბოლომდე განისაზღვრა. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი