საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ქვეყანაში ლარის კურსის გაუფასურების შესახებ აკეთებს კომენტარს. მან განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. 

"ლარის კურსის განსაზღვრისა და ფორმირების პროცესში მრავალი ფაქტორი მონაწილეობს. როგორც წესი, რთულია რომელიმე ფაქტორების გამოყოფა მანამ, სანამ ჩვენ არ გვაქვს სრული ინფორმაცია საგადამხდელო ბალანსის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ საგადამხდელო ბალანსზე ინფორმაცია დაახლოებით სამი - ოთხი თვის დაგვიანებით მოდის, მაგრამ ამ შემთხვევაში შედარებით უფრო ცხადი იყო მიზეზები და ეს იყო რეგიონში განვითარებული მოვლენები. კერძოდ კი, თურქეთსა და რუსეთში განვითარებული მოვლენები. გარდა ამისა, ბევრი განვითარებადი ქვეყნების ვალუტა გაუფასურდა საკმაოდ დიდი ამპლიტუდით. შეგიძლიათ იხილოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ აგვისტოში გამოქვეყნებული სპეცრელიზი, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული, რომ ზოგადად რეგიონში შექმნილი სიტუაციის გამო არის გაზრდილი ეს [ინფლაციის] რისკები", - ამბობს კობა გვენეტაძე. 

მისივე განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის კურსის შესახებ პროგნოზსს არ აკეთებს, ამის მიზეზად ლარის მცურავ გაცვლით კურსს ასახელებს. 

„პროგნოზს ლარის კურსზე, რა თქმა უნდა, არ ვაკეთებთ. არანაირი ნიშნული არ გვაქვს ისევე, როგორც ყველა ცენტრალურ ბანკს, რომელშიც მცურავი გაცვლითი კურსია," - აცხადებს კობა გვენეტაძე. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი