ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდა, რომელმაც ქვეყანაში დიპლომატიური საქმიანობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ივანე მაჭავარიანმა სტუმარს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ელჩობის პერიოდში,  საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

მხარეებმა მიმოიხილეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების მიმდინარეობა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის პოლიტიკური, ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს მთავრობის გეგმის განხორციელებაში.

ხაზი გაესვა სექტემბრის დასაწყისში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ახალი 45 მლნ ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას მოხმარდება.

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი