ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის აგვისტოში საწვავის ფასების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ორაგნიზაციის განცხადებით, აგვისტოში საწვავის ფასზე სტაბილური ვითარებდა შენარჩუნდა. 

უფრო დეტალურად, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით: 

„აგვისტოს თვეში ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე ძირითადად იზრდებოდა. კერძოდ, თვის განმავლობაში ის გაიზარდა საშუალოდ 3,17 დოლარით/ბარელზე ანუ დაახლოებით 4პროცენტი-ით და ივლისის თვეში ნავთობის ფასის მოკლე დროით შემცირების შემდეგ კვლავ აღიდგინა მაღალი მაჩვენებელი. 

ნავთობის მიმდინარე მაღალ ფასებს განაპირობებს უპირველეს ყოვლისა ირანის ნავთობის ექსპორტზე სანციების დაწესების საკითხი. აშშ ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს ირანული ნავთობის ვაჭრობა 4 ნოემბრისთვის, როდესაც მთლიანი მოცულობით ამოქმედდება სანქციები. 

თუმცა არსებობს მოლოდინი საერთაშორისო სანავთობო ბაზრის მონაწილეებს შორის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ირანული ნავთობის დანაკლისის შევსება მოხდება საუდის არაბეთის, რუსეთისა და სხვა ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ხარჯზე, რომლის შედეგებიც აუცილებლად აისახება პოზიტიურად სანავთობო ბაზარზე უახლოეს პერიოდში. ამის ნიშნები უკვე ჩანს. კერძოდ, ოპეკის ანგარიშის თანახმად აგვისტოს თვეში დაფიქსირდა ნავთობის მოპოვების 2018 წლის რეკორდული მაჩვენებელი, რაც განპირობებული იყო საუდის არაბეთსა და რუსეთში ნავთობის მოპოვების ზრდით და ლიბიაში პოლიტიკური ვითარების დასტაბილურების შედეგად ნავთობის ექსპორტის მატებით. 

ასევე მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოში აშშ-ში დაფიქსირდა ნავთობის მოპოვების რეკორდული მაჩვენებელი - 10,674 მლნ ბარელი/დღე-ღამეში. 

ნავთობის მიმდინარე ფასზე ასევე გარკვეულწილად უარყოფით გავლენას ახდენს ამერიკა-ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო დავა, რისი შედეგიც გახლავთ ის, რომ აგვისტო-სექტემბრის თვეში ჩინეთმა შეაჩერა აშშ-დან ნავთობის იმპორტი. 

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, აგვისტოში ის იზრდებოდა ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად და ასევე მაღალ ნიშნულზე დადგა ივლისის თვეში მცირე დროით ფასების კლების შემდეგ. კერძოდ, ბენზინის საერთაშორისო ფასი აგვისტოს თვეში გაზრდილია დაახლოებით 41$-ით/ტონაზე 742,25 დოლარამდე/ტონაზე, ხოლო დიზელის საერთაშორისო ფასი - დაახლოებით 57$-ით/ტონაზე 697,50 დოლარამდე/ტონაზე. 

აღსანიშნავია ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია საწვავის ფასი. აგვისტოს თვეში ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, აგვისტოს დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,4484 ერთეულს და თვის ბოლოს მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,5803 ერთეულს. 

რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, აგვისტოს თვეში მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ფასები იზრდებოდა და ლარი უფასურდებოდა დოლართან მიმართებაში, საწვავის ბაზარზე შედარებით სტაბილური ვითარება შენარჩუნდა. ძირითადად მოხდა დიზელის საწვავის ფასის მატება ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 2-4 თეთრით ლიტრაზე. კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,29-2,47 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,42-2,55 ლარი/ლიტრაზე, სუპერი ტიპის ბენზინი - 2,53-2,65 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 2,42-2,59 ლარი/ლიტრაზე,- ნათქვამია მიმოხილვაში. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი