დღეიდან მომხმარებელთა საკრედიტო ისტორიის წარმოების წესი იცვლება, ტერმინი „შავი სია“ უქმდება. 

ვადაგადაცილების შემთხვევაში, მათ აღარ მიენიჭებათ ნეგატიური საკრედიტო სტატუსი. სესხის გამცემი ორგანიზაციები მხოლოდ იმას შეამოწმებენ, როგორ იხდიდა მსესხებელი დავალიანებას და შეაფასებენ, დასაშვებია თუ არა მასზე ახალი სესხის გაცემა. 

ამასთან, სექტემბრიდან სავალდებულოა საკრედიტო ბიუროებისთვის სებ-ში დარეგისტრირება. 

შედეგად, საკრედიტო ბიუროების ზედამხედველი ეროვნული ბანკი ხდება. ახალი წესის მიხედვით, ბიუროს განაღდებული საწესდებო კაპიტალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3,000,000 ლარს. 

ბიუროსათვის ნებადართულია მხოლოდ შემდეგი საქმიანობის სახეობები: 

ა) პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო ინფორმაციის ან/და სხვა რელევანტური მონაცემის შეგროვება, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა და სხვაგვარად დამუშავება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით; 

ბ) სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის რეალიზაცია, რომელიც აუცილებელია საკრედიტო საინფორმაციო სისტემის მონაწილეთა (სესხის გამცემი ორგანიზაცია და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი) საქმიანობის ავტომატიზაციისათვის; 

გ) მონაცემთა სუბიექტების გადამხდელუნარიანობის შეფასება (მათ შორის, სტატისტიკური, ქცევითი და სხვა შეფასების მოდელების შემუშავება); 

დ) ანალიტიკური, საგანმანათლებლო საქმიანობა და კონსულტაციების გაწევა შესაბამის სფეროში. აღნიშნულის მიზნებისთვის ბიურომ წინასწარ უნდა შეუთანხმოს ეროვნულ ბანკს მესამე მხარისთვის შეთავაზებული ნებისმიერი პროდუქტი/სერვისი (მათ შორის, ბიუროში დაცული მონაცემების ნებისმიერი სახით დამუშავება); 

ე) ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობით განხორციელებული სხვა რელევანტური საქმიანობა.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი