2018 წლის 1 სექტემბრიდან საკრედიტო საინფორმაციო ბიუროები ვალდებულები არიან ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია გაიარონ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ „საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესში“ წერია. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

ამ წესის თანახმად, ბიუროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნის პროცესში, ასევე, რეგისტრაციის ძალაში ყოფნის პერიოდში, ბიუროს აქტივების არანაკლებ 50პროცენტი საკუთარი სახსრები უნდა იყოს; ასევე რეგისტრაციის მოთხოვნისა და ძალაში ყოფნის პერიოდში, ბიუროს განაღდებული საწესდებო კაპიტალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3,000,000 ლარს. 

ასევე, სებმა დაამტკიცა წესი, რომლის თანახმადაც, ბიუროს მონაცემებზე თანაბარი წვდომის უფლება აქვს ყველა სესხის გამცემ ორგანიზაციას, რომელიც თავის მხრივ, ბიუროს სავალდებულო წესით აწვდის ინფორმაციას და აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

ბიუროს მონაცემთა ბაზაში მონაცემთა სუბიექტის შესახებ საკრედიტო ინფორმაციის დროულად აღურიცხველობის, არასწორად აღრიცხვის, ხელმისაწვდომობის წესისა და ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესის მოთხოვნების დარღვევა ბიუროს 1 000 ლარით; სებ-ის მიერ წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა კი 10 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 

საკრედიტო ისტორიის წარმოების წესის ცვლილების თანახმად ტერმინი „შავი სია“ უქმდება.

მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან საფინანსო ბაზარზე რამდენიმე სიახლე ამოქმედდება,რომელიც საპროცენტო განაკვეთისა და სესხზე ხარჯის შემცირებას ითვალისწინებს.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი