2018 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.1 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული არსებითი შემცირება მეტწილად სეზონური ფაქტორებით არის განპირობებული. 

2018 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 64 პროცენტი შეადგინა. წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე, შესაბამისად 0.2 და 1.4 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილია 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით. ანალოგიურად, აქტიურობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. 

2018 წლის II კვარტალში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 48.7 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა კვარტალთან შედარებით. 

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე სოფლის ტიპის დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2018 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 3.3 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით როგორც ქალებში, ისე კაცებში შემცირდა, შესაბამისად 1.9 და 1.8 პროცენტული პუნქტით. 

აქტიურობის დონე შედარებით მაღალია კაცებში. 2018 წლის II კვარტალში ქალებში აქტიურობის დონე 55.7 პროცენტს, ხოლო კაცებში - 73.7 პროცენტს შეადგენდა. წინა კვარტალთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში გაზრდილია 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში შემცირებულია 0.4 პროცენტული პუნქტით. 

2018 წლის II კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო კაცებში გაიზარდა 1.0 პროცენტული პუნქტით. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი