ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„დღეს ლარის კურსი მერყეობს, რადგან ჩვენი სავაჭრო პარტნიორი არის თურქეთი. პარტნიორი ქვეყნის ვალუტის გაუფასურებას ჩვენს ვალუტაზეც აქვს ზემოქმედება. ასევე, ლარის მერყეობა საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ უსაფრთხოების ბალიში ჩვენი ეკონომიკისთვის და ეს აბალანსებს იმ უარყოფით გავლენებს, რომლებიც შესაძლოა გამოეწვია ლირის დაცემას. თუ ლირა ასე გაუფასურდა და ჩვენი ლარი არის მყარი, ჩვენ დავიწყებთ თურქული საქონლის ყიდვას ძალიან დიდი რაოდენობით, რაც არ გვაწყობს და ჩვენი საქონლის წარმოებას ვეღარ შევძლებთ, რადგან გაძვირდება“, - განაცხადა ქობულიამ.

დღეს ლარის კურსი ქვეყნის პრემიერმაც შეაფასა. „ეროვნულმა ბანკმა გამოიჩინა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი. ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ ყველაზე ეფექტურად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში და მეორე მხრივ, გარე ფაქტორების მიმართ ქვეყანაში მოწყვლადობის დონე აუცილებლად შევამციროთ. ეს ორივე ამოცანა არაა მარტივი, მაგრამ არის ურთიერთთავსებადი“, - თქვა დღეს ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ.

ლარი გასულ კვირაში გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარები გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია ლარი-დოლარის ნომინალურ გაცვლით კურსზეც.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი