საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, „მთავრობის ამოცანაა, რომ ერთის მხრივ, ვიყოთ ყველაზე ეფექტურად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში და მეორეს მხრივ, გარე ფაქტორების მიმართ ქვეყანაში მოწყვლადობის დონე აუცილებლად უნდა შევამციროთ“ .

ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ ბოლო პერიოდში ლარის კურსის რყევების კომენტირებისას bm.ge-ის კითხვას, თუ რა გეგმები აქვს მთავრობას ლარის კურსის რყევების შესამცირებლად ახალი ინვესტორების მოსაძიებლად. 

პრემიერმა პასუხად მაკროეკონომიკური სიტუაცია შეაფასა, ხოლო ახალი ინვესტორების მოძიების გეგმებზე არაფერი უთქვამს. 

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეკონომიკა გაიზარდოს არა მხოლოდ მდგრადი კონტექსტით და ინკლუზიურად, არამედ მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის მოწყვლადობის დონის შემცირება, მათ შორის საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით. რაც შეეხება ლარის კურსს და ეროვნული ბანკის ქმედებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა გამოიჩინა ძალიან მაღალი პროფესიონალზიმი. ამავე დროს, ჩვენი ამოცანაა, რომ ერთის მხრივ, ვიყოთ ყველაზე ეფექტურად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში და მეორეს მხრივ, გარე ფაქტორების მიმართ ქვეყანაში მოწყვლადობის დონე აუცილებლად უნდა შევამციროთ. ეს ორივე ამოცანა არაა ადვილი, მაგრამ არის ურთიერთთავსებადი. ბევრი არგუმენტი მომისმენია, რომ ამ ორივე მიზნის მიღწევა წარმოუდგენელია, რაც რეალობას არ შეესაბამება და რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში, ამის ძალიან კარგი მაგალითია“, - განაცხადა პრემიერმა.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი