დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს" კლიენტებისთვის სადაზღვევო შემთხვევისთვის გათვალისწინებული თანხების გაცემას იწყებს. 

როგორც სააგენტოს ანაზღაურების ექსპერტმა ანა ალანიამ BM.GE-ს განუცხადა, ბანკს 34 დეპოზიტარი ჰყავს, რომელთათვის კანონით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევა დადგა. 

მისი ინფორმაციით, ასანაზღაურებელი თანხა 34–ივე დეპოზიტარისთვის ჯამურად დაახლოებით, 10 ათასი ლარია. 

ასანაზღაურებელი თანხების გაცემა 2018 წლის 30 ივლისიდან, "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო" საქართველოს ბაზარს ტოვებს. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 25 ივლისის №465 განკარგულებით, ბანკის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო, რაც ამავდროულად "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის" შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სადაზღვევო შემთხვევის დადგომას გულისხმობს. 

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ერთი კლიენტისთვის ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 5 000 ლარით. 5 000 ლარს ზემოთ არსებული თანხა ანაზღაურდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული ლიკვიდატორის მიერ. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი