ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა მას სავალუტო ფონდის კვლევა დაუმალეს, რომელიც ქვეყანაში ჭარბვალიანობასა და სიღარიბეს ეხება. 

"სავალუტო ფონდი თავის ნაშრომებს მთავრობისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში აქვეყნებს“, - ამის შესახებ bm.ge-ს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ფრანსუა პეშომ განუცხადა. სავარაუდოდ, ივანიშვილმა გუშინ ისაუბრა კვლევაზე, რომელიც 2016 წლის პერიოდს მოიცავს და რომელიც ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. 

ამასთან, ფონდში განმარტავენ, რომ კვლევები, რომლებსაც ფონდი ატარებს და შემდგომ აქვეყნებს, საჯარო ხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრების თანხმობის შემდეგ. 

რაც შეეხება რეგულაციებს ბანკების მიმართ, სავალუტო ფონდში BMG-ს განუცხადეს, რომ საკუთარი პოზიცია მათ ახალ რეგულაციებზე ბოლო ანგარიშში დააფიქსირეს, სადაც ვკითხულობთ: 

„ეროვნულმა ბანკმა წარადგინა შეზღუდვა შინამეურნეობების დაკრედიტებაზე შემოსავლის დადასტურების გარეშე, რათა ხელი შეეწყოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპებს. 

შინამეურნეობების დავალიანებების სწრაფი ზრდიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კი დაბალ შემოსავლიან სეგმენტში, ფონდი მხარს უჭერს ბოლო ქმედებებს, რადგან ის შეზღუდავს შინამეურნეობების კრედიტების ზრდას. 

ფონდი ასევე მხარს უჭერს მაკროპრუდენციური ზომების გამკაცრებას, რომელიც ითვალისწინებს შინამეურნეობების შესაძლებლობების შეფასებას, რომ მათ შეძლონ გადაიხადონ კრედიტი, ნაცვლად იმისა, რომ გამოყენებული იქნას ადმინისტრაციული ზომები, რომელმაც, შესაძლოა, ლიმიტი დაუწესოს სამომავლოდ უცხოურ ვალუტაში გასესხებას. 

ამასთან, ფონდმა მთავრობას შესთავაზა მიზნობრივი და ბაზარზე მორგებული, გონივრული ზომები რომელიც ხელს შეუწყობს უცხოური ვალუტის რისკების შეფასებას. ისეთი რისკების როგორიც არის მაგალითად უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა, ამასთან გადახდისუნარიანობის შეფასება და მათ შორის უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების დაზღვევის სქემა. 

ფონდი ეთანხმება ეროვნულ ბანკს რომ საჭიროა ინფორმაციის დამატებით გავრცელება იმ რისკებზე, რომელიც დაკავშირებულია გაცვლით კურსთან, უცხოურ ვალუტაში სესხებასთან და ფინანსური განათლების გაღრმავებასთან“, - წერია ფონდის ბოლო ანგარიშში. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი