თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განმარტებით, გენგეგმის თანახმად, ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონაში, სადაც „პანორამა თბილისიც“ არის მოქცეული, ახალი მშენებლობების ნებართვები არ გაიცემა, თუმცა, ყველა ძველი მშენებლობა დასრულდება. ამის შესახებ ბითაძემ თბილისის საკრებულოში გაერთიანებული კომისიების სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, სადაც გეგნგეგმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

„ჩვენ გენგეგმის ფარგლებში ხელახლა ვამკვიდრებთ ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონას და თვალს ვუსწორებთ იმ არსებულ რეალობას, რომლის ფარგლებშიც ჰყვება არა მხოლოდ მთაწმინდის ფერდი, არამედ, ვერის ფერდები, სადაც საკუთრების უფლებებია წარმოშობილი, ასევე ორთაჭალის მიდამოები, სადაც ეს ზონა ვრცელდება. როდესაც 1985 წლის მინისტრთა საბჭოს დადგენილებაზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გავითვალისწინოთ ამ ათწლეულების განმავლობაში წარმოშობილი რეალობა. მუნიციპალიტეტს და გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს ხაბეიშვილმა მადლობა უნდა გადაუხადოს, რომ ჩვენ ვამკვიდრებთ და ვაბრუნებთ ამ ზონას დოკუმენტში, სადაც ვითვალისწინებთ მესაკუთრეთა უფლებებს. ამ ზონაში ასევე შედის შინდისის და მიმდებარე სოფლების საკუთრებებიც, ზემო ვერის საცხოვრებელი სახლებიც, გარდა თაბორის ტერიტორიისა“, - განაცხადა ბითაძემ. 

ბითაძემ დასძინა, რომ ზონების დასაზუსტებლად მერია კულტურის სამინისტროსთან მუშაობს.

"სადაც არის საკუთრების უფლება წარმოშობილი და დაკანონებული აქვს ეს სახელმწიფოს, 1985 წელს ვერ დავუბრუნდებით. თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის კანონის მიხედვით, მისი რევიზია უნდა განხორციელდეს, რაც აქამდე არ გაკეთებულა. ამიტომ კულტურის სამინისტროსთან ვმუშაობთ, რომ ამ ზონების დაზუსტება მოხდეს. ერთმნიშვნელოვანია ის, რომ თბილისს აქვს როგორც ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონა, ასევე ძველი თბილისის ზონა და მისი მომიჯნავე ტერიტორიები, რომელთა შიგნით სამართლებრივი რეგულირებები ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ხელახლა უნდა გადაიხედოს და არ უნდა ვხელმძღვანელობდეთ 1985 წლის ნორმატიული აქტით“, - განაცხადა ბითაძემ.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. დოკუმენტი თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაჰბარდა, თუმცა მერიას გარკვეული შენიშვნები ჰქონდა და გენგეგმა უკან დააბრუნა. საბოლოოდ „სითი ინსტიტუტმა საქართველომ" გენგეგმის გამოსწორებული ვარიანტი მერიას მაისის ბოლოს გადაუგზავნა. დოკუმენტი 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი