პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, მესამე მოსმენით მიიღო. ამ კანონთა პაკეტი საპენსიო რეფორმის შემადგენელი ნაწილია, რომლის მთავარ მიზანსაც საქართველოში არსებული სოციალური სისტემის სრულყოფა წარმოადგენს. დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ მთავარ კითხვებზე imedinews-მა ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა.

ინფორმაციაში განმარტებულია, ვისზე ვრცელდება და არ ვრცელდება დაგროვებითი საპენსიო რეფორმა.

სამინისტროს ცნობით, რეფორმა ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არ მქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს ამ დასაქმებიდან ან თვითდასაქმებიდან.

რეფორმა არ გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან ასაკით პენსიონერები, ასევე რეფორმა არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც არ არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და არ იღებენ შემოსავალს. რეფორმა ასევე არ ვრცელდება დასაქმებულ ან თვითდასაქმებულ ადამიანებზე, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად.

რაც შეეხება კითხვას, ვინ ითვლება დასაქმებულად, სამინისტროს მოწოდებულ ინფორმაციაში განმარტებულია, რომ დასაქმებულად ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს გარკვეულ სამუშაოს იმ ურთიერთობის ფარგლებში, რომელიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით, ასევე დასაქმებულად ითვლება საწარმოს ან ორგანიზაციის დირექტორი, ხელმძღვანელი ან დირექტორისა და ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.

ამასთან თვითდასაქმებულად ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას (სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, სანოტარო, საკონსულტაციო, სასოფლო-სამეურნეო, სატყეო სამეურნეო საქმიანობები), იღებს შემოსავალს ამ საქმიანობიდან და რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი