საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესი" დაამტკიცა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

ამ წესის მიხედვით, განსაზღვრულია საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ რაოდენობაც, რომლის დაკმაყოფილებაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოუწევთ.

ბრძანების თანამხად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა 2018 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 500 ათასი ლარი უნდა იყოს; 2019 წლის 30 ივნისამდე კი არანაკლებ 1 მლნ ლარი უნდა იყოს. 

ასევე ცნობილია, რომ ახალი რეგულაციის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობის მიმართულებით ეროვნული ბანკის უფლებამოსილება გაფართოვდა.

ახალი წესების მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის დადგინდა ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები, მათ შორის კაპიტალის, ლიკვიდობის, ინვესტიციების და სხვა კოეფიციენტები და საზედამხედველო კაპიტალის გაანგარიშების წესი. ასევე, განისაზღვრა აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების მეთოდი. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან საქმიანობა ახალი წესების სრული დაცვით განახორციელონ. რაც შეეხება ამ წესების ამოქმედებამდე რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მათი საქმიანობის ახალ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოსაყვანად დამატებითი ვადები მიეცათ.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი