ადვოკატთა ასოციაცია ჭარბვალიანობასა და სასესხო-საკრედიტო რეგულაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ასოციაცია მიიჩნევს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დროულად და ეფექტიანად მოხდეს ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს დღეს არსებული დისბალანსის აღმოფხვრას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო ათი წლის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან არასწორი მიდგომის შედეგად, მუდმივად ხდებოდა საკრედიტო დაწესებულებებსა და კერძო პირებს შორის უფლებათა ბალანსის დარღვევა საკრედიტო დაწესებულებების სასარგებლოდ და მსესხებელთა საზიანოდ.

ადვოკატთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა უზრუნველყოს კრედიტორთა და მოვალეთა უფლებებს შორის დარღვეული ბალანსის აღდგენა მოქალაქეთა მიმართ სამართლიანობის პრინციპის დაცვით.

ასოციაცია მოუწოდებს სახელმწიფოს, თავისი პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში სამართლიანად მოაწესრიგოს საკრედიტო დაწესებულებებსა და მოქალაქეთა შორის არსებული ფულად-საკრედიტო ურთიერთობები.

"სამწუხაროდ, არც ერთი ხელისუფლების დროს არ გაითვალისწინეს იურიდიული პროფესიის მოსაზრებები მოქალაქეთა დარღვეული უფლებების აღდგენის თაობაზე და ამ მხრივ, მისასალმებელია ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი სამთავრობო ინიციატივები და თანმხლები დისკუსია “, - ნათქვამია განცხადებაში.

ადვოკატთა ასოციაციაში ასევე იმ ნაბიჯებზეც საუბრობენ, რომელიც არსებული დისბალანსის აღმოსაფხვრელად უნდა გადაიდგას.

„მიგვაჩნია, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დროულად და ეფექტიანად მოხდეს ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს შექმნილი დისბალანსის აღმოფხვრას. კერძოდ, აუცილებლად მიგვაჩნია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:  სასესხო ურთიერთობებში რეგულირებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზღვრული ოდენობის დარღვევა ჩაითვალოს მევახშეობად და გამოცხადდეს კანონსაწინააღმდეგო მოვლენად გერმანული მოდელის შესაბამისად.

მოქალაქეთა მუდმივი ვალაუვალობის დასრულების მიზნით, კანონმდებლობით დაწესდეს კონკრეტული ვადა (არაუმეტეს 10 წელი), რომელშიც მოხდება კრედიტორის მიერ მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების განხორციელება. შედეგად კი კერძო პირებს შეეძლებათ სრულფასოვან სამოქალაქო ურთიერთობებში დაბრუნება.

კანონით ერთმნიშვნელოვნად აიკრძალოს სასესხო ურთიერთობებში პროცენტიდან პროცენტის გადახდა.

სასესხო ურთიერთობებში კანონით უნდა დაწესდეს პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა, რომელიც არ უნდა აჭარბებდეს წლიური საპროცენტო განაკვეთის ნახევარს.

თავმდები პირების, გირავნობის და იპოთეკის საგნის მესაკუთრეების მიმართ მთავრობამ შემოიღოს წინასწარი სავალდებულო ინფორმირების და მათი გადახდისუნარიანობის სათანადოდ შემოწმების მექანიზმი.

შემუშავდეს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც დააწესებს ფიზიკურ პირთა გაკოტრებულად ცნობის შესაძლებლობას და ჩვენს მოქალაქეებს მისცემს შანსს სუფთა ფურცლიდან დაიწყონ ეკონომიკური აქტივობა“, - ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის განცხადებაში.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი