საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ეკოლოგია დღეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევაა.

როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, დამუშავებულია ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მოკლე ვადაში ამ მიმართულებით ძალიან მნიშნელოვან შედეგებს მოიტანს.

მისივე განმარტებით, აქცენტი რამდენიმე მიმართულებაზე გაკეთდება.

„პირველ რიგში, ეს არის საწვავის ხარისხის გაზრდა. ამასთან ერთად, აიკრძალება საქართველოში დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი და გამკაცრდება მოთხოვნები ტექნიკურ დათვალიერებაზე. ამასთან ერთად, მასშტაბური ცვლილებები შევა სამშენებლო სამუშაოების წარმოების და საქალაქო ტრანსპორტის სტანდარტის გაუმჯობესების კუთხით. ეტაპობრივად, სრულად მოხდება ე.წ ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივ სტრატეგიაზე თბილისის მერიასთან ერთად და ივლისის ბოლომდე ჩვენ გავაკეთებთ ამ ძალიან მასშტაბური სტრატეგიის პრეზენტაციას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი