თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივას ეხმიანება და აცხადებს, რომ დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საწვავის ხარისხის ზრდა და ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებების განხორციელება აუცილებელია.

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დედაქალაქში არსებული ვითარება აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

„აუცილებელია, საწვავის მიმართულებით გარკვეული ცვლილებები მოხდეს, ანუ ხარისხი ამაღლდეს, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. რაც შეიძლება მალეა განსახორციელებელი ეს ცვლილება, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის საწვავი შემოვიდეს. განსაკუთრებით, საუბარია დიზელის მიმართულებაზე. ასევე, უნდა შეიზღუდოს დაბალი სტანდარტების ავტომობილების შემოსვლა ქვეყანაში, რაც ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ახალი ავტომობილების შემოყვანა უნდა წახალისდეს.

„ელექტრომობილებზე ყველანაირი შეზღუდვა მოხსნილია, იმისთვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს. ასევე, ჰიბრიდებზე არის გარკვეული შეღავათები, თუმცა ჯერჯერობით, ძველი ჰიბრიდული ავტომობილები შემოდის, რომელიც მგონია, რომ გარემოსთვის ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეს არის ავტომობილები, რომელთა გაყიდვას იმ ქვეყნებში ახდენენ, სადაც ისინი უკვე მოძველებულია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არსებული ავტოპარკის განახლება მოხდეს და საქართველოში რაც შეიძლება მეტი ახალი ავტომობილი შემოვიდეს.

11 ივლისს მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს. 

მისივე განმარტებით, აქცენტი რამდენიმე მიმართულებაზე გაკეთდება.

ეს არის საწვავის ხარისხის გაზრდა. აიკრძალება საქართველოში დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი და გამკაცრდება მოთხოვნები ტექნიკურ დათვალიერებაზე.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი