"გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის" დაფინანსებითა და ექსპერტების ჩართულობით, "Edushare"-ის ფონდმა ნაშრომი - „საპენსიო რეფორმა: რეკომენდაციები პოლიტიკის შესამუშავებლად“ მოამზადა, რომელშიც საპენსიო რეფორმის წარმატებისთვის საჭირო 14 რეკომენდაცია ჩამოაყალიბა. 

ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, "ქვეყანას სჭირდება უფრო დეტალური და სრულყოფილი მიგრაციის სტრატეგია, რომელიც ახალ საპენსიო სისტემაშიც უნდა იყოს გათვალისწინებული". 

ნაშრომის ავტორები მიიჩნევენ, რომ მიგრაცია ქართული შრომის ბაზრის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და მას გავლენა აქვს შემოთავაზებულ საპენსიო სქემაზე. 
მათივე აზრით, საქართველოს მიგრაციის სტრატეგია 2016-2020 მხოლოდ მიგრაციის პოლიტიკის ზოგად მიზნებს ასახავს და შრომის ბაზრის დასაბალანსებლად კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ აქვს. 

"მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის მიხედვით, 800 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე (ამჟამინდელი მოსახლეობის 21.3%) ემიგრაციაშია. მიგრაციის პროცესი აქტიურად 1990-იან წლებში დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და ახლაც დინამიკურია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სუფთა მიგრაცია უარყოფითია და წელიწადში დაახლოებით 8 ათასს შეადგენს. გასული ხუთი წლის მანძილზე, ემიგრანტების საშუალო რაოდენობა 93 ათასზე მეტია, ხოლო იმიგრანტებისთვის იგივე მაჩვენებლი 85 ათასს აღწევს, რაც საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია. დღეს რთულია შეფასდეს მიგრაციის მიმდინარე და სამომავლო გავლენა საპენსიო სქემაზე, რადგან არ არსებობს მონაცემები იმ სამუშაო ძალაზე, რომელიც ემიგრაციაში იყო ან არის და შემდეგ, მოგვიანებით, ქვეყანაში ბრუნდება. ამ მონაცემების არ არსებობის გამო არასრულია, ასევე, ინფორმაცია სამუშაო ადგილების ბაზრის სტრუქტურასა და მის დინამიკაზე“, - წერია დოკუმენტში. 

ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ საპენსიო რეფორმა მიგრანტებისთვის მოქნილი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, საქართველოს ახალი საპენსიო სისტემა ვერ შეძლებს, იყოს ფართოდ ინკლუზიური და სრულად ფუნქციური. 

"საქართველოში, სხვა განვითარებადი ქვეყნების ტრენდის მსგავსად, ახალგაზრდა სამუშაო ძალის უმეტესობა ემიგრაციაში მიდის, ხოლო საშუალო და უფროსი ასაკის სამუშაო ძალა ბრუნდება. ამ შემთხვევაში, საპენსიო რეფორმა მოქნილი უნდა იყოს ასეთი ტიპის მიგრანტებისთვის, რათა თავის ფართო მიზანს მიაღწიოს. მიუხედავად ამისა, ახალ საპენსიო კანონმდებლობაში, ამ ასპექტებთან დაკავშირებით ცხადი სტრატეგია არ არსებობს. კანონში მხოლოდ ერთი მუხლია, რომელიც ამბობს, რომ თუ საქართველოს მოქალაქე სამუდამოდ დატოვებს ქვეყანას, მას შეეძლება, მიიღოს დაგროვილი შემოსავალი საპენსიო ფონდიდან, გარდა სახელმწიფოს მიერ გაკეთებული შენატანებისა და ეს შემოსავალი დაიბეგრება. ამ კანონში მიგრაციასთან დაკავშირებული სხვა პრინციპები და შემთხვევები არ არის გათვალისწინებული“, - წერია დოკუმენტში.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი