ფიზიკური მეწარმე პირები და ინდივიდუალური მეწარმეები საქართველოში რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელთა 80 %-ზე მეტს შეადგენენ. შესაბამისად, რეფორმა, რომელიც უკვე ამოქმედდა, გადამხდელთა სწორედ ამ რაოდენობას ეხება. ამის შესახებ გადაცემაში „პირისპირ“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, მათი წილი შიდა პროდუქტში ამ ეტაპზე 3%-ია, თუმცა, რეფორმის ფარგლებში არსებობს იმის მოლოდინი, რომ ეს წილი დროის მოკლე მონაკვეთში უნდა გასამმაგდეს, ხოლო გრძელვადიან პერიოდში - 20-30%-მდე უნდა გაიზარდოს.

მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საგადასახადო შეღავათის მოცულობა ჯამში 300-400 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მცირე ბიზნესს დარჩება განვითარებისთვის.

ამასთან, ხუციშვილმა ისიც განმარტა, რომ მეწარმეებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის ზღვარი არ გაიზრდება. მისი თქმით, ამ ზღვარის ცვლილება კომპანიებს შეღავათს არ მისცემს, რადგან ეს არაპირდაპირი გადასახადია.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავალი 1 ივლისიდან 1%-იანი განაკვეთით იბეგრება, ნაცვლად 5%-სა. საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარამდეა, ნაცვლად დღემდე არსებული 100 000 ლარისა.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი