ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Tesla კვირაში 5000 ცალი Model 3-ის გამოშვება დაიწყო. ამის შესახებ Reuters-ი კომპანიის თანამშრომლებისთვის დამფუძნებლის, ილონ მასკის მიერ  1 ივლისს გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით იუწყება. 

Tesla-ში ამ წერილის შინაარსს ადასტურებენ, მასში ნათქვამია, რომ მომავალი თვიდან კომპანია კვირაში 6 ათას Model 3-ს გამოუშვებს.

„ვფიქრობ, ახლახანს ნამდვილი ავტომობილების კომპანია გავხდით“, - წერს მასკი და აცხადებს, რომ Tesla-მ არამარტო Model 3-თან დაკავშირებულ მიზანს მიაღწია, არამედ კვირაში 7000 ცალი Model S-ის და Model X-ის გამოშვებაც დაიწყო.

Tesla-ს კვირაში 5 ათასი ცალი  Model 3  გასული წლის ბოლოსთვის უნდა მოეხერხებინა. ამ ვადების დარღვევა კომპანიისთვის აქციების ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

პირველ კვარტალში Tesla-მ რეკორდული ზარალი (710 მილიონი დოლარი) ნახა. გასავლების შესამცირებლად ილონ მასკმა კომპანიიდან დაახლოებით 4 ათასი თანამშრომელი დაითხოვა.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი