"პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტების დანერგვა ხელს შეუწყობს ჭარბვალიანობის რისკების შემცირებას“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც სებ-ის წლიურ ანგარიშსს განიხილავენ. კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ფინანსური სტაბილურობა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. 

„ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება სრული ზედამხედველობა გაუწიოს არასაბანკო ფინანსური ორგანიზაციების საქმიანობას შედეგად, თანაბარი რეგულირება და ზედამხედველობა განხორციელდება მთელ საფინანსო სექტორზე, იმისათვის რომ ფიზიკური პირების თანხები მაქსიმალურად იყოს დაცული არამართლზომიერი ქმედებებისაგან. 

ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში, დაკრედიტებაში გაზრდილი ფიზიკური პირების სესხების წილი პოტენციურად მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკებს ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი საკრედიტო დანაკარგების რისკი და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის პირდაპირი საფრთხე ამ ეტაპზე დაბალია, ანალიზი მომავალში ჭარბვალიანობის ზრდასა და, შედეგად, ფინანსური სტაბილურობის რისკების მატების ალბათობაზე მიანიშნებს. ეს გარემოება უფრო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების აუცილებლობაზე მიუთითებს. საყურადღებოა, რომ ხშირ შემთხვევაში, სესხები გაიცემოდა ისე, რომ არ ხდებოდა მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლა. ნახევარ მილიონამდე მსესხებელს საერთოდ არ უფიქსირდება დასაქმებით ან სხვა ფორმით მიღებული შემოსავალი და ასეთი მსესხებლების 45 პროცენტს ვალდებულებებზე მიმდინარე ვადაგადაცილება აქვს. 

მცირე მოცულობის სესხები კონცენტრირებულია დაბალშემოსავლიან და დაბალგადახდისუნარიან მოსახლეობაზე. ამ მსესხებლების ვალის ტვირთის ზრდის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ბოლო წლებში არარეგულირებადი კრედიტორებისა და კრედიტის მიწოდების იმ ინტერნეტ არხების მომრავლება იყო, რომლებიც აგრესიული მარკეტინგით ახდენდნენ სესხების გაცემას. 

ეროვნულმა ბანკმა, 2018 წლის იანვრის საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მიიღო უფლებამოსილება დაარეგულიროს სესხის ყველა გამცემი, რომელსაც 20-ზე მეტი მსესხებელი ჰყავს. შედეგად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტები თანაბრად გავრცელდება ყველა გამსესხებელზე. უკვე შექმნილია აღნიშნული რეგულაციის სამუშაო ვერსია და მიმდინარეობს კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან. დოკუმენტი ეფუძნება სამომხმარებლო დაკრედიტების რეგულირების ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებს, რომლის ძირითადი პრინციპს მიხედვით, სესხის გაცემამდე კრედიტორმა უნდა შეაფასოს, შეუძლია თუ არა მსესხებელს ვალდებულებების გასტუმრება საკონტრაქტო ვადაში ფინანსური სირთულეების გარეშე. 

ამ ფონზე, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ადეკვატური ღონისძიებების სწრაფად განხორციელება, რომ არ მოხდეს ჭარბვალიანობის პრობლემების გაღრმავება და, მეორე მხრივ, აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ რეგულაციების რადიკალურად გამკაცრებამ შესაძლოა, გამოიწვიოს დაკრედიტების ჩრდილოვან ფინანსურ სექტორში გადანაცვლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მარეგულირებელი ღონისძიებების განხორციელება სწრაფად, თუმცა თანმიმდევრულად და ეტაპობრივად მიმდინარეობს“, - ამბობს გვენეტაძე. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი