გასულ კვირას სავაჭრო სესიების დროს საქართველოს საფონდო ბირჟაზე მხოლოდ 2 გარიგება დაიდო, რომელშიც მონაწილეობა სს "ლიბერთი ბანკმა" და სს "თელიანმა ველმა" მიიღო. მათ 26,824 აქცია 2338 ლარად გაყიდეს. "თელიანი ველის’’ გარიგების თარიღი იყო 19 ივნისი, მეორე დღეს კი კომპანიის გადაწყვეტილებით განხორციელდა "თელიანი ველის’’ დელისტინგი (ვაჭრობიდან მოხსნა) და ამიერიდან საფონდო ბირჟაზე A კატეგორიის 4 და B კატეგორიის 5 ემიტენტი იქნება.

არასაბირჟო გარიგებებში მონაწილეობა სს "გრაალი-92’’-მა და სს ,,საქსაშენმეცნიერებამ’’ მიიღეს, გაყიდეს 6000 აქცია ჯამური ღირებულებით 14,776 ლარი. სხვა აქტივობა არც ეროვნულ და არც უცხოურ ვალუტაში არ დაფიქსირებულა.

სს ,,თელიანი ველის’’ გარდა ვაჭრობიდან მოიხსნა სს "ქაშანურის" და "ელექტროძრავის" ფასიანი ქაღალდები. გარდა ამისა, სს "სარაჯიშვილმა" დააანონსა აქციონერთა კრება სადაც მოხდება მოგების განაწილება.

20 ივნისს "შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა" დამატებით 50 ობლიგაცია განათავსა ბირჟაზე, თითოეული მათგანის ღირებულება იქნება 500,000 ლარი. დღეიდან ბირჟაზე "შავი ზღვის" ბანკს 290 ობლიგაცია ექნება განთავსებული.

ბოლო ერთ კვირაში გაუქმდა სს ,,საქსაშენმეცნიერების’’ მიერ დადებული 1 გარიგება, რომელიც საბროკერო კომპანია ,,ჰერითიჯ სექურითიმ’’ განახორციელა, გაუქმების მიზეზი არასწორი კოდის მითითება იყო. "გრაალი 92" ის ნაცვლად დოკუმენტში ჩაწერილი იყო ‘’საქსაშენმეცნიერების’’ მონაცემი. საქართველოს საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია შემცირებულია და ის 2.39 მილიარდ ლარს შეადგენს, ბირჟის ინდექსი GSX კი 131 პუნქტია. მაჩვენებელი ჯერ კიდევ მარტში, 234 პუნქტს შეადგენდა, ეს ნიშნავს, რომ GSX 3 თვეში 100-ზე მეტი პუნქტით დაეცა.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი