ბიზნესმენი და გორის საკონსერვო ქარხნის ,,კულას“ დამფუძნებელი, ვანო გოგლიძე მთავრობას მცირე და საშუალო ბიზნესის და ფერმერების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენას ურჩევს და ამბობს, რომ თუ ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერა იქნება, ეს სექტორი მნიშვნელოვნად განვითარდება, რადგან ამის პოტენციალი არის. ამის შესახებ მან "საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა. 

"მთავრობას ვურჩევ მეტი ყურადღება მიაქციოს მცირე და საშუალო ბიზნესს, მეტი ხელშეწყობა ჰქონდეთ ფერმერებს, რომ მათ შეძლონ მეტი რაოდენობით პროდუქციის მოყვანა. სოფლის მეურნეობის ქვეყანა, მაგრამ რეალურად აქ არ მოდის საკმარისი რაოდენობის ხილი. საქართველოში დიდი რაოდენობით მოდის ვაშლი, ატამი, ყურძენი და მანდარინი, იგივე რაოდენობის უნდა მოდიოდეს ალუბალი, კომში , ჟოლო, რომ მისი ექსპორტზე გატანაც ხდებოდეს და ადგილობრივ ბაზარზეც არ ღირდეს ასეთი ძვირი. მაგალითად, ჩვენ რომ კილოგრამ ალუბალში 7 ლარს ვიხდით, ევროპაში იგივე ალუბალს ფერმერები 1 ევროდ ყიდიან“ - განაცხადა ვანო გოგლიძემ. 

მისი აზრით, ამისთვის უნდა შეიქმნას დამატებითი კოოპერატივები, ფერმერებს დაურიგდეს ტექნიკა, იყოს აგროდაზღვევის გამართული სისტემა და განხორცილედეს სამთავრობო პროგრამები. 

"ბევრი ფერმერისგან ვიცი, რომ მათ სჭირდებათ დახმარება. შემდეგი ეტაპი უნდა იყოს შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოები, რომ ფერმერებს შეეძლოთ პროდუქციის შენახვა და მისი რეალიზაცია იმ დროს, როდესაც ეს მათთვის მოგებიანი იქნება. უნდა გაგრძელდეს ისეთი სახელმწიფო პროგრამები, როგორიცაა ,,დანერგე მომავალი“ და "აწარმოე საქართველოში“. მაგალითად, შიდა ქართლში ძალიან ბევრი ბაღი გაშენდა პროგრამის ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში, მარტო ჩვენ გავაშენეთ 50 ჰექტარი და ვიცი ფერმერები, რომლებმაც 100-150 ჰექტარზე დარგეს ხეხილი. ამ ყველაფრის შედეგს 2-3 წელში ვნახავთ, როდესაც ეს ბაღები მსხმოარობაში შევა. შემდეგ უკვე დასაბინავებელი იქნება ეს მოსავალი, რაც შესაბამის სამაცივრე და გადასამუშავებელ ინფრასტრუქტურას მოითხოვს“ - განაცხადა ვანო გოგლიძემ.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი