ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს. მომდევნო ეტაპი პირველ ივლისს დაიწყება.

imedinews-ის მიერ ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან" გამოთხოვილ ინფორმაციაში განმარტებულია, რა პროცედურების გავლა მოუწევთ ტექდათვალიერების დროს დაწუნებული ავტომობილების მფლობელებს.

ა) სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირებაზე წარდგენა უნდა მოხდეს პირველი ინსპექტირების დროს ხარვეზებისა და პირობების გამოვლენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

ბ) თუ სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება ხორციელდება იგივე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა პირველი ინსპექტირება, განმეორებითი ინსპექტირება ტარდება მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე ინსპექტირების ანგარიში დაფიქსირებულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებიც არ აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს.

გ) თუ განმეორებითი ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ტექნიკურ ინსპექტირებამდე გამოვლენილი და ინსპექტირების ანგარიშში მითითებული ხარვეზები და პირობები, რომლებიც კრძალავს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას არ არის აღმოფხვრილი, ინსპექტირების ცენტრის მიერ ივსება ინსპექტირების ანგარიში, განმეორებითი ინსპექტირების შედეგების მითითებით.

ამასთან, სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებაზე წარმდგენი იღებს გაფრთხილებას კანონის წინაშე პასუხისმგებლობის შესახებ გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის შემთხვევაში. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შემდგომი ინსპექტირება ტარდება საერთო წესით.

დ) თუ პირველი ან განმეორებითი ინსპექტირების შედეგად სამუხრუჭო ან/და საჭის მართვის სისტემებში გამოვლინდა ისეთი სერიოზული დეფექტი, რომელმაც საავტომობილო მიმოსვლისას შეიძლება აშკარა საფრთხე შეუქმნას მძღოლისა და მგზავრის, აგრეთვე საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მიუთითოს ინსპექტირების ანგარიშის „შენიშვნის“ გრაფაში. ასეთი ჩანაწერის არსებობა კრძალავს ავტოსატრანსპორტო საშუალების საერთო სარგებლობის გზებზე მოძრაობას და ავალდებულებს მესაკუთრეს (მფლობელს) ინსპექტირების ცენტრიდან სატრანსპორტო საშუალების გამოყვანას და საერთო სარგებლობის გზებზე მოძრაობას ევაკუატორის საშუალებით.

ე) თუ პირველი ან განმეორებითი ინსპექტირების შედეგად არ გამოვლინდა ხარვეზები და პირობები, რომლებიც კრძალავს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, ჩაითვლება, რომ სატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება დადებითად გაიარა და მესაკუთრეს (მფლობელს) ეძლევა ინსპექტირების ანგარიში, მომდევნო ინსპექტირების ჩატარების ვადის მითითებით.

ამასთან ცნობილია, რომ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ჩვეულებრივ გაივლიან.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი