პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ეროვნულ ბანკს, ფინანსთა სამინისტროსა და სტარტაპებს შორის შეხვედრის ინიციატივით გამოდის. როგორც ბახტაძემ დღეს სტარტაპერებთან ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების კუთხით ცვლილებებია საჭირო. 

„დღეს ჩვენს ეკონომიკაში ნაღდი ფულის რაოდენობის ბრუნვის მაჩვენებელი არის არაჯანსაღად მაღალი. მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის ძალიან კარგი პოტენციალი ისეთი იდეებისთვის, რომელიც თქვენ გააჟღერეთ, იმისთის რომ მოვახდინოთ მაქსიმალურად ამის გაციფრულება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს სხვა მიმართულებებით, სამწუხაროდ ისე აღმოჩნდა, რომ სწრაფი გადახდის სისტემებში და ფინტეკებში ძალიან ჩამოვრჩით თანამედროვე ტენდენციებს კი არა რეგიონალურ ტენდენციებსაც კი, ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ამ კუთხით. 

მე ვიცი საბანკო სექტორის განწყობა, ძალიან პოზიტიურად არიან ამ მიმართულებით განწყობილები და ეროვნულ ბანკთან ერთად ვმუშაობთ ისეთი სამართლიანი სისტემის შექმნაზე, რომ სწრაფი გადახდის სისტემები და ფინტეკები ავამოქმედოთ. 

მინდა გითხრათ ისიც, რომ ისე ვითარდება ფინანსური ტექნოლოგიები რომ მსოფლიო ბანკმა არ იცის ფინტეკი დაარქვას თუ ტექფინი. საბოლოოდ იქით მიდის ტენდენცია, რომ უფრო ტექნოლოგიურად გახდება ფინანსური მომსახურება, ვიდრე ფინანსური მომსახურება გახდება ტექნოლოგიური. ამიტომ უნდა შევეცადოთ, რომ ტექნოლოგიურ ნაწილში იყოს ჩვენი უპირატესობა. 

მე ვფიქრობ, რომ მომავალის წლის 1 იანვრიდან საშუალება გვექნება საგადასახადო რეფორმა ავამოქმედოთ. იქამდე კი კარგი იქნება გაკეთდეს რამდენიმე შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და სტარტაპების მონაწილეობით, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ისეთი სამართლებრივი ჩარჩო მივიღოთ, რომელიც ყველას მისცემს საშუალებას თავის პოტენციალი წარმოაჩინოს ბაზარზე.“ - განაცხადა ბახტაძემ.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი