უმუშევრობის დონის განსაზღვრის მეთოდოლოგიის ცვლილებას არ გამორიცხავს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი.

როგორც გოგიტა თოდრაძემ რადიო „იმედის“ გადაცემა „ეკონომიქსში“ განაცხადა, ეს დამოკიდებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაზე.

მისი თქმით, ორგანიზაცია უკვე წლებია მუშაობს ახალ მეთოდოლოგიაზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თვითდასაქმებულები დასაქმებულად აღარ ჩაითვლებიან, თუმცა საპილოტე პროექტი რამდენიმე ქვეყანაში, განხორციელდა და ამან საერთო სურათი მნიშვნელოვნად ვერ შეცვალა.

თოდრაძე ამ კუთხით სერიოზულ ცვლილებას არც საქართველოში ვარაუდობს. „საქსტატი 1998 წლიდან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიით ითვლის უმუშევრობის მაჩვენებელს, თუ ცვლილება იქნება, ჩვენც ახალ რელსებზე გადავეწყობით“-აღნიშნა თოდრაძემ.

​ბოლო პერიოდში საქსტატი უმუშევრობის მაჩვენებლთან დაკავშირებით არაერთხელ გააკრიტიკეს. კითხვები ამ კუთხით ჰქონდა როგორც ოპოზიციას, ასევე მმართველ გუნდსაც. თუ რატომ ითვლებიან თვითდასაქმებულები დასაქმებულად.

 ახალი გადათვლით უმუშევრობის დონე 2018 წლის პირველ კვარტალში 14%-ია.

გასულ წელს ხელახალი გადაანგარიშების შედეგად ამ მაჩვენებელმა 13.9% შეადგინა, მაშინ როცა ძველი მეთოდოლოგიით დათვლილი 2016 წლის მაჩვენებელი 11.8% იყო. რეგიონულ ჭრილში უმუშევრობის დონე გაზრდილია თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და იმერეთში.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი