2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების შთამბეჭდავი ზრდა ფიქსირდება, - ამის შესახებ პირველმა ვიცეპრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქსტატის“ მიერ საწარმოთა საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.6%-ით გაიზარდა და 18.0 მლრდ. ლარი შეადგინა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის 20.0 პროცენტით არის გაზრდილი მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა მაშინ, როდესაც მსხვილი საწარმოების ბრუნვა 17.1%-ით არის გაზრდილი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში საშუალო საწარმოების ბრუნვის ზრდამ 20.5%-ით, ხოლო მცირე ზომის საწარმოების ზრდამ 19.6% შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში ბიზნესსექტორის გამოშვება 8.7 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 16.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის: მსხვილი საწარმოების გამოშვება გაიზარდა 14.6%-ით, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება გაიზარდა 17 პროცენტით. (საშუალოსი 17.7%-ით, ხოლო მცირე საწარმოების 16.4%-ით). აღსანიშნავია, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის გამოშვების ზრდაში მცირე და საშუალო საწარმოების წვლილმა გამოშვების ზრდაში 9.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი