„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, განვადებისა და ლიზინგის შემთხვევაში ახალი რეგულაციების დაწესება იგეგმება. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.

მიზანშეწონილია, რომ ლიზინგსა და განვადებით ნასყიდობის შემთხვევაზეც გავრცელდეს შეზღუდვა, რომელიც 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდა და ფიზიკურ პირებზე, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებზე უცხოურ ვალუტაში 100 000 ლარამდე სესხების გაცემას კრძალავს.

რაც შეეხება ლიზინგს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლს ემატება მე-5 ნაწილი, რომლის თანახმადაც, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი და ლიზინგის მთლიანი საზღაური 100 000 ლარს არ აღემატება, ლიზინგის გამცემის მიერ ფიზიკური პირისაგან (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმისაგან) საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული,-აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

ამასთან, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება განსხვავებული მოთხოვნები დაუდგინოს მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სუბიექტებს შესაბამისი ნორმატიული აქტით. 
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში 2017 წლის ბოლოს განხორციელებული ცვლილების თანახმად, საბანკო საქმიანობას დაემატა ქონების ლიზინგით გაცემა და ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ქონებით ლიზინგის გაცემის კრიტერიუმები,-წერია კანონპროექტში.

​კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი