პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონის პროექტზე შენიშვნები ისევ აქვს. 

როგორც კაკულიამ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, იგი ვერ ხედავს საპენსიო ფონდის განკარგვაზე ზედამხედველობის მკაცრ სისტემას. 

"ჩემი საბოლოო შენიშვნა ისევ იგივე რჩება. მე მინდოდა, მქონოდა ძალიან მკაფიო ფორმულირება საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების ინდიკატორებისა - რა კრიტერიუმით შეაფასებს უკვე ამ რეფორმის წევრი, მის მიერ ჩადებული თანხა, სწორად არის ჩადებული თუ არა და რა კრიტერიუმებით ურჩევს ის სხვას, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში, როგორც წარმატებულ პროექტში. ასევე, მნიშვნელოვანია ზედამხედველობის ფორმა. ის ფორმა, რაც იქ მინიშნებული იყო, საკმარისი არ არის. უფრო გამკაცრებული უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში დაცულობის ხარისხი ნაკლებია და ადამიანს არ აქვს იმის შეგრძნება, რომ მან ინვესტიცია გააკეთა ისეთ პროექტში, რომელსაც სახელმწიფოებრივი ზედამხედველობა სათანადო აქვს", - განაცხადა კაკულიამ და დასძინა, რომ აღნიშნული დათქმის გარეშე საპენსიო რეფორმის მხარდაჭერა გაუჭირდება. 

რაც შეეხება საკანონმდებლო პროცედურებს, იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტს "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონი ჯერ არც პირველი მოსმენით მიუღია, კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამ რეფორმის დაგეგმილ ვადებში, ანუ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ამოქმედება ვერ მოესწრება. 

"ვერ მოვასწრებთ დამტკიცებას. პირველი მოსმენა თუ იქნება, ეგაც კარგია. ჩვენ ჩვენს პოზიციას უკვე წამყვან კომიტეტზე დავაფიქსირებთ", - აღნიშნა კაკულიამ. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველ საკომიტეტო მოსმენაზე საპენსო რეფორმის კანონპროექტების პაკეტს მხარი არ დაუჭირა. 

"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონის პროექტის განხილვას პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში 11 ივნისიდან განაახლებს. 

კანონპროექტში გაწერილია, რა საზედამხედველო ფუნქციები აქვს ეროვნულ ბანკს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებით. მაგალითად, "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონის მე-6 მუხლში წერია, რომ ეროვნული ბანკი ამოწმებს საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის, აქტივების მართვასთან დაკავშირებული პროცედურების და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ადექვატურობას საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობისათვის აუცილებელ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან; ასევე - აქტივების განთავსების სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგიას, საინვესტიციო გადაწყვეტილებების და აქტივების მმართველების შერჩევის პროცედურის შესაბამისობას ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან, თუმცა ეროვნული ბანკი არ ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო გადაწყვეტილებების შეფასებას.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი