საბანკო პროდუქტების ექსპერტის დავით კიკვიძის განცხადებით, ის მიკროსაფინანო ორგანიზაციების განვითარების პერსპექტივას ვეღარ ხედავს, - ამის შესახებ მან გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა. 

"პერსპექტივას ვერ ვხედავ, გარდა იმ ვარიანტისა, რომ გამხსვილდეს რამოდენიმე კომპანია და ჩამოყალიბდეს ოლიგოპოლიური ბაზარი", - განაცხადა კიკვიძემ. მისი თქმით, მისოები ფინანსურ სექტორს ყოველთვის ყველაზე ნაკლებ პრობლემას უქმნიდნენ და მათთვის მკაცრი რეგულირებისა და "ჰაერის გადაკეტვის" აუცილებლობა არ იყო. კიკვიძის აზრით, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეგულაციაბი ძალიან რადიკალურია. 

"ჩემი გათვლებით ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 9 600 ლარის სესხი გამოდის, ეს არცთუ ისე დიდი ციფრია და მას ჭარბვალიანობას ვერ დავარქმევთ, ამის გამო ფინანსური ინსტიტუტები არ უნდა დავხუროთ", -აღნიშნა კიკვიძემ. 

"ახალი რეგულაციები მომხმარებლისთვის ალტერნატივის შეზღუდვისკენ უფროა მიმართული ვიდრე მათი დაცვისკენ", - ამბობს კიკვიძე. მისი თქმით, საკრედიტო ხელმისაწვდომობის კუთხით კომერციული ბანკები ფაქტობრივად უალტერნატივოდ რჩებიან, რაც სოციალური თვალსაზრისითაც და ეკონომიკური კუთხითაც გაუმართლებელია. 
"მომხმარებელს ნებისმიერ მომენტში უნდა ჰქონდეს ალტერნატივა, რომელი ფინანსური ინსტიტუტისგან ისარგებლოს ამა თუ იმ პროდუქტით. აკრძალვა პირდაპირ მოქმედებს ბიზნესის განვითარებაზე და ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ თუნდაც 0,6%-ით შეიზღუდოს ეკონომიკის განვითარების მაჩვენებელი, როგორც ამას ფინანსთა მინისტრი პროგნოზირებს", - აღნიშნა კიკვიძემ. 

ექსპერტი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ქვეყანაში ფინანსური განათლების დონე დაბალია, თუმცა მიიჩნევს, რომ არცოდნასთან ბრძოლა შეზღუდვებით არ უნდა ხდებოდეს და აქცენტი განათლებაზე უნდა გაკეთდეს. 

"ქვეყანაში დაგეგმილი ღონისძიებები უნდა გატარდეს მოსახლეობის ფინანსური განათლების ასამაღლებლად", - აღნიშნა კიკვიძემ. მისი შეფასებით, დღეს მოქალაქეები უკვე შეზღუდულები არიან მოკლევადიანი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ, მაგალითად განაახლონ სახლში ნივთები, თუ შვილების განათლება დააფინანსონ.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი