საბანკო ჰოლდინგებთან დაკავშირებით ძალაში ახალი წესები შევა, - ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გასულ კვირას გააკეთა. მისი განცხადებით, კანონი, რომელიც მთავრობამ 2017 წელს მიიღო იხვეწება და ახალი წესები კიდევ უფრო მეტად გამიჯნავს საბანკო სფეროს რეალური ეკონომიკისგან. 

ცვლილებები დაანონსა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემაც. მისი თქმით, საუბარი მიდის იმაზე, თუ რა ფორმით შეიძლება მონაწილეობდნენ ბანკის აქციონერები რეალურ ეკონომიკაში. სებ-ის პრეზიდენტს კონკრეტულ მოდელზე არ უსაუბრია. 

Bm.ge-ის კითხვაზე „ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბანკის აქციონერს, შესაძლოა, სხვა ბიზნესში თანამონაწილეობა აეკრძალოს“, კობა გვენეტაძემ კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ საუბარია, იმაზე თუ რა ფორმით შეიძლება ჰქონდეთ მათ უფლება რეალურ სექტორში წილების ფლობის. სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამის თაობაზე ბანკმა მიმოხილვა წლიურ ანგარიშში გააკეთა. 

სებ-ის წლიურ ანგარიშში კი ვკითხულობთ: ეროვნული ბანკი დააკვირდება შემდგომ პრაქტიკას და, საჭიროების შემთხვევაში, განიხილავს დამატებითი შეზღუდვებისა და მოთხოვნების დაწესების აუცილებლობის საკითხს შესაბამისი საზედამხედველო ინსტრუმენტების მეშვეობით. 

სებ-ში განმარტავენ, რომ ეროვნულმა ბანკმა დაიწყო კორპორაციული მართვის ერთიან რეგულაციაზე მუშაობა. 

ამასთან, უახლოეს მომავალში ეროვნული ბანკი გეგმავს კომერციული ბანკებისთვის ეთიკისა და პროფესიული ქცევის პრინციპებისა და სტანდარტების დაწესებას. 

„გარდა ეთიკის ზოგადი პრინციპებისა, დოკუმენტით დეტალურად გაიწერება პროფესიული ქცევის სტანდარტები, რომლებიც შემდეგ საკითხებს მოაწესრიგებს: პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება ფინანსურ ბაზარზე, კეთილსინდისიერება საბანკო სექტორში, ვალდებულებები მომხმარებლების მიმართ, ვალდებულებები დამსაქმებლის მიმართ, პროფესიული საქმიანობის პრინციპები, ინტერესთა კონფლიქტი და კოდექსის მოქმედების სფეროში შემავალ პირთა პასუხისმგებლობა. ამასთან ერთად, კოდექსში დეტალურად იქნება გაწერილი კომერციული ბანკების ვალდებულებები ეთიკის მოთხოვნათა შესრულების მიზნებისთვის, მათ შორის დარღვევის ფაქტების იდენტიფიკაციის, გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების პროცედურების საკითხები”, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში. 

ეროვნულ ბანკს კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკასაც მიმოიხილავს: 

„საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს უმრავლესობას, ზოგიერთი მოწინავე პრაქტიკის მქონე ქვეყნის მიხედვით კი - ორ მესამედს, დამოუკიდებელი წევრები უნდა წარმოადგენდნენ. ამასთან, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს, ასევე საბჭოს დონეზე შექმნილი კომიტეტების თავმჯდომარეები დამოუკიდებელი წევრები უნდა იყვნენ. 

მნიშვნელოვანია საბჭოს წევრების არჩევის ფორმალური პროცესების არსებობა. საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, თითოეული წევრის არჩევა ყოველწლიურად უნდა მოხდეს. ამასთან, დასაშვებია წევრების 1 წელზე მეტი ვადით არჩევა, თუმცა ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ერთდროულად არ ხდებოდეს საბჭოს ყველა წევრის გადარჩევა და საბჭოს წევრებს სხვადასხვა დროს უმთავრდებოდეთ კონტრაქტის ვადა. 

მოწინავე პრაქტიკის თანახმად, დირექტორატში რისკების თემებზე პასუხისმგებელი დირექტორი, ე.წ. Chief Risk Officer (CRO) უნდა არსებობდეს. იგივე პრაქტიკა აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით მოთხოვნებს აწესებს, რაც გულისხმობს CRO-ს დამოუკიდებლობას, საბჭოსთან და ზედამხედველთან შეუზღუდავ წვდომას და შესაბამისი კომპენსაციის განსაზღვრას“, - ვკითხულობთ სებ-ის ანგარიშში. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი