მას შემდეგ, რაც ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის  მიერ საბანკო-საფინანსო სფეროში საკანონმდებლო ცვლილებები დაანონსდა, აქტიურად მიდის საუბარი, უნდა იღებდეს თუ არა  ფინანსთა სამინისტრო ფინანსური სტაბილურობიდან გამომდინარე მსგავს გადაწყვეტილებებს, როცა ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის პრეროგატივაა. დარგის ექსპერტები BM.GE-თან საუბარში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის რეგულაციებზე ეროვნული ბანკი დიდი ხანია მუშაობდა, შესაბამისად ცვლილებები სწორედ ეროვნულ ბანკს უნდა გაეჟღერებინა.


“თუ სებ-ი ამას ემხრობოდა, ეს  მათ უნდა გაეჟღერებინათ და ისინი უნდა ყოფილიყვნენ წამყვანი. ახლა იქმნება შთაბეჭდილება, რომ ფინანსთა მინისტრი არეგულირებს საფინანსო სექტორს და შემდგომ ამას ყვება სებ-ი, რაც მისი დამოუკიდებელი იმიჯისთვის დამაზიანებელია. დღეს სურათი იხატება ისე, თითქოს ფინანსთა მინისტრი და ქვეყნის  მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ფინანსური სტაბილურობიდან გამომდინარე და ამას ახორციელებს შემდეგ სებ-ი. სინამდვილეში პირიქით უნდა იყოს, ფინანსურ სტაბილურობაზე პირველადი მზრუნველი უნდა იყოს ეროვნული ბანკი და მისგან უნდა მოდიოდეს ინიციატივები. მიჩვეულნი ვართ, როცა ახალი მინისტრი მოდის, იქნება ეს ფინანსთა თუ ეკონომიკის მინისტრები, ის ახალ  რეგულაციებს გვთავაზობს ხოლმე, რაც ჩემი აზრით, ხშირად პოპულიზმზე მორგებული ინიციატივებია და არა ეკონომიკურ საჭიროებებზე. წარმოუდგენელია ეროვნული ბანკი წლები მუშაობდეს რაღაცაზე და ერთი თვის მოსულმა მინისტრმა უკეთ იცოდეს, რა საჭიროებებია საბანკო სექტორში”-აცხადებს ილიაუნის ბიზნეს სკოლის ასოცირებული პროფესორი.

გიორგი პაპავას აზრს იზიარებს ფინანსისტი ვასილ რევიშვილიც.


“ფინანსთა სამინისტრო აჟღერებს, რეგულაციებზე კი მუშაობს ეროვნული ბანკი. რეალურად, ფინანსთა სამინისტრო ამ შემთხვევაში არის რუპორი. გასაგებია რატომ, ის არის პოლიტიკური ორგანო და პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. ჩაითვალა ისე, რომ კარგი სიახლეების დაანონსება ჯობია ფინანსთა სამინისტრომ გააკეთოს გარკვეული მიზეზით. ვიცით, რომ ამ თემაზე სებ-ი მუშაობს, ფინანსთა სამინისტრო ალბათ ჩართულია. რა თქმა უნდა ეს ეროვნული ბანკის  პრეროგატივაა”-აცხადებს ვასილ რევიშვილი.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი