პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საბანკო-საფინანსო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებების, განსაკუთრებით ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესის გადახედვის შესახებ ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა. 

პირველი ვიცეპრემიერის განცხადებით, სადღეისოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმულია - შედეგად, მთელი საბანკო და არასაბანკო სექტორი ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ არის მოქცეული და მასვე გააჩნია ადმინისტრირების შესაძლებლობა. 

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მომდევნო ნაბიჯი, რომლის გადადგმაც იგეგმება, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებას შეეხება. მისივე შეფასებით, ეს უნდა იყოს სესხების პასუხისმგებლიანი გაცემა და ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეების დაცულობას. 

“ეროვნული ბანკმა რამდენიმე ხნის წინ შემოიღო რეგულაციები, რომლის თანახმადაც, ბანკებს საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტის ოდენობით არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემა შეეზღუდათ. ასევე შემოღებულია ახალი რეგულაციები, როგორიცაა გადახდის და შემოსავლის კოეფიციენტი, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ავალდებულებს, რომ მათ შეამოწმონ ადამიანის გადახდისუნარიანობა და მხოლოდ ამ შემთხვევაში გასცენ კრედიტი“, - განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა. 

მისი თქმით, “თავისთავად ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს, რომელსაც კრედიტის დაფარვის შესაძლებლობა არ აქვს, კომერციულმა ბანკმა ან სხვა სტრუქტურამ, იგივე ლომბარდმა ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, სესხი არ უნდა მისცეს, რაც საბოლოო ჯამში, მომხმარებლებს დაიცავს“.

პირველი ვიცეპრემიერი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი