იურიდიული საკონსულტაციო კომპანია CC L&A-ის პარტნიორი უჩა ძიმისტარაშვილი ვარაუდობს, რომ ბაზარზე მიკრო-საფინანსო კომპანიების გამსხვილების პროცესი დაიწყება. როგორც ძიმისტარაშვილმა გადაცემეში "საქმიანი დილა" განაცხადა, ახალი რეგულაციის პირობებში სექტორს ძალიან სწრაფად მოუწევს გადაწყობა ახალ პირობებზე, რა დროსაც უმეტეს ნაწილს, შესაძლოა საქმიანობის შეწყვეტა მოუწიოს. 

"დღეს გვყავს 70-ზე მეტი მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია და როგორც თავის დროზე ბანკების შემთხვევაში მოხდა გამსხვილება და დღეს 16 ბანკი გვაქვს, მსგავსი პროცესი დაიწყება", - აღნიშნა ძიმისტარაშვილმა. 

მისი თქმით, ევროდირექტივით, რომელზე აპელირებაც ხშირად ხდება, - უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხს შეზღუდვა არ ეხება, თუმცა ქართულ რეალობაში სხვაგვარად მოხდა. 

"თელი დასაბუთებაა ევროდირექტივებში, რატომ არ უნდა გავრცელდეს რეგულაცია მსგავს სესხზე, რომ, ეს არის სპეციფიკური პროდუქტი, სხვა მიდგომებია საჭირო და ასე შემდეგ, თუმცა ახალი რეგულაცია, რომლის ნაწილიც უკვე ამოქმედდა ასეთ სესხებსაც ეხება. ამიტომ, არგუმენტი რომ ეს ვალდებულებაა და უნდა შესრულდეს, დამაჯერებელი არ არის", - აღნიშნა ძიმისტრაშვილმა. 

მისივე თქმით, ევროდირექტივების შესრულებისთვის 5 წლიანი ვადაა განსაზღვრული და ეს იმისთვისაა, რომ ბაზარი მომზადებულიყო, თუმცა სახელმწიფო ბოლო წელს გააქტიურდა. "ერთი წელი, ან უფრო ზუსტად თუ ვიტყვით რამდენიმე თვე არ არის საკმარის იმისთვის, რომ სექტორი გადაეწყოს“-აცხადებს ძიმისტრაშვილი. 
ის რეგულაციის იმ ნაწილსაც ეხება, რომელიც განვადებების გაცემისას შემოსავლის დასაბუთებას ითვალისწინებს. 
"უკვე ძალაში შესული რეგულაციით სწრაფი სესხი იზღუდება, მათ შორის განვადებებიც, რომელიც აქტიურად გამოიყენება. ამიტომ ეს რეგულაცია არ ეხება მხოლოდ ბანკებს, ეს ეხება კომპანიებსაც, რომლებიც ყიდიან პროდუქტს და ფასებიდან გამომდინარე ძალიან დიდი ნაწილი ამ პროდუქტებისა სწორედ განვადებით იყიდება. შესაბამისად, მოსალოდნელი უნდა იყოს გაყიდვების შემცირებაც", - აცხადებს ძიმისტარაშვილი.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი